რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებას უდიდეს რისკს უქმნის

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების რისკი  ძალიან მაღალია. პრობლემებია ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით ეს ეხება სტრატეგიულ მარაგებს, რა მხრივაც შეიძლება, საქმე დეფიციტამდეც მივიდეს. გარდა იმისა, რომ ძირითადი საკვები პროდუქტები გაძვირდება, მიწოდებაშიც იქმნება პრობლემა. უკრაინიდან  გადაზიდვები გაჩერებულია და ეს საფრთხე იკვეთება რუსეთის მიმართულებითაც. სპეციალისტები არ გამორიცხავენ სიტუაციის გართულებას და მთავრობას გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ, რაც საკუთარი ბაზრის დასაცავად უნდა გადაიდგას. 

პრობლემაა იმ თვალსაზრისითაც, რომ გლობალურ ბაზრებზე მასშტაბური გაძვირების თითქმის ყველა წინაპირობაა, რაც პროდუქტებს ისედაც ძნელად ხელმისაწვდომს გახდის. ტენდენცია უკვე დაწყებულია, პირველ რიგში, ეს ეხება  ხორბალს, რომლის ფასმა 400 დოლარს მაიღწია. 1 ტონა შაქრის ღირებულება 500 დოლარის, ხოლო ნავთობი 100 დოლარის ფარგლებშია. ამდენად, სასურსათო უსაფრთხოება საქართველოში დიდი პრობლემის წინაშეა.

როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ განაცხადა,  მოსალოდნელია როგორც ფასების ზრდის, ასევე კომუნიკაციებისა და ლოგისტიკის პრობლემა, რაც ორმაგი დარტყმაა ქვეყნისთვის.

„დღეს ევროპა და ზოგადად მსოფლიო საშინელ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, რაც დიდი პრობლემაა საქართველოსთვის, ამიტომ ბევრი რამ არის დასაფიქრებელი და სამოქმედო. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო მიეკუთვნება ქვეყანას, რომელიც იმპორტირებულ სურსათსა და პროდუქტზეა დამოკიდებული. კერძოდ, დღეისთვის პურ-ბურღულეულის 85% შემოდის უცხოეთიდან და მისი უმეტესობა რუსულია. 52%-მდე ხორცი იმპორტირებულია, ასევე, ზეთისა და ხილ-ბოსტნეულის უდიდესი ნაწილი.

რუსეთი ცნობილია, როგორც თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული ქვეყანა და არავინ იცის, როდის რას მოიმოქმედებს. ემბარგო კარგად გვახსოვს, რაც მოხდა 2008 წელს და საფრთხე ისევ იკვეთება. რუსეთი ყოველთვის განწყობის მიხედვით მოქმედებს და საფრთხე ნებისმიერ მომენტშია მოსალოდნელი, ამ რისკისგან არ ვართ დაცული“, – აღნიშნა კობალაძემ და დასძინა, რომ ამ მოულოდნელ სიტუაციაში სამოქმედოდ მთავრობამ უნდა შეადგინოს სტრატეგიული გეგმა, რაც საფრთხეს შეამსუბუქებს.

„მძიმე სიტუაციაში ვართ, ამიტომ უნდა დავიცვათ სიფრთხილე და შევადგინოთ სტრატეგიული გეგმა ამ მოულოდნელ და არასასურველ სიტუაციაში სამოქმედოდ. აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ყურადღება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საქართველო და ქართველები აღიარებული ვართ მომაკვდავ ერად, ანუ სადაც ბუნებრივ მატებას აღემატება სიკვდილიანობა და ემიგრაცია.

სასწრაფოდ სხვა გზებია მოსაძებნი. ნაკლებად საიმედოა ყაზახეთი, რომელიც დიდი მწარმოებელია ხორბლის და ამავე დროს რუსეთის სატელიტია ისევე, როგორც ბელარუსი. დიდ იმედს ვერც ამ მიმართულებაზე დავამყარებთ. ცხადია, საკმარისი  რაოდენობის სურსათსა და პურ-პროდუქტებს ვერ მოვიყვანთ, მაგრამ გარკვეული ზომებია მისაღები თვითუზრუნველყოფისათვის.

ადრე, გარდა კახეთისა, მესხეთ-ჯავახეთში არ იყო მეურნეობა, გოჯი მიწა, სადაც არ ითესებოდა ხორბალი და სხვადასხვა დასახელების მარცვლეული, რომელიც  არა მარტო ადამიანებისთვის, მეცხოველეობაშიც ერთ-ერთი ძირითადი საკვებია. დიდი საფრთხე გვემუქრება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს საკუთარი ბაზრის დასაცავად  გრძელვადიან პერსპექტივაში“, – აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან” კობალაძემ.

რაც შეეხება ლოგისტიკასთან დაკავშირებულ პრობლემას, იგი მოსალოდნელია როგორც საბორნე, ასევე სახმელეთო გადაზიდვებშიც. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორის, პაატა ცაგარეიშვილის განცხადებით, ექსპორტ-იმპორტში, განსაკუთრებით _ უკრაინის მიმართულებით, დიდი გაურკვევლობაა და გადაზიდვების დიდი ნაწილი გაჩერებულია. რაც შეეხება რუსეთს, იმ შემთხვევაში, თუ ლარსის გამშვები პუნქტის დატვირთულობა გაიზრდება, აქაც პრობლემა უფრო მეტად იჩენს თავს. საბოლოოდ, საქართველოს ალტერნატიული გზების ძიება მოუწევს.

„ორი ქვეყნის საომარი დაპირისპირება გლობალური მასშტაბით დიდ პრობლემას ქმნის. ტვირთები, რომლებიც უკრაინაში ბორნით მიდიოდა, გარკვეულწილად გადაინაცვლებს ლარსის მიმართულებით. ამ ეტაპზე ეკონომიკურ ურთიერთობებში არ გვაქვს პრობლემა რუსეთთან, მაგრამ პოლიტიკური ვითარება ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს ისე, რომ ლარსის საზღვარიც დაიკეტოს და ამანაც დაამუხრუჭოს ტვირთების მოძრაობა.

ეს ომი საქართველოზე ირიბად ძალიან მძიმედ იმოქმედებს. საბორნე მიმართულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან სასურსათო საკითხების მოგვარებაში დიდ დახმარებას გვიწევდა და საფრთხე ამ მიმართულებითაც შეიძლება გაჩნდეს. საკონტეინერო გემები, რომლებიც შავი ზღვის ნავსადგურებზე მოძრაობს, ძირითადად სტამბულის, საბერძნეთისა და იტალიის ნავსადგურებიდან მოდის. თუკი შავი ზღვის არეალში მდგომარეობა დამძიმდება, ამას საკონტეინერო ნაკადის გაჩერებაც მოჰყვება, რომელიც ჩინეთიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის, ეს კი დიდი დარტყმა იქნება ჩვენი ეკონომიკისთვისაც, რადგან იქიდან ვიღებთ პროდუქციას. ქვეყანა სასურსათო უსაფრთხოების დიდი რისკის წინაშეა.

გადაზიდვები უკვე დამუხრუჭებულიცაა და ამის აღდგენას შემდეგ დიდი დრო დასჭირდება, თუნდაც მალე დასრულდეს ომი. ესეც უკვე ნეგატიურ ფაქტორია“, – განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“.

ცაგარეიშვილის ინფორმაციით,  საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვას არ აქვს მზარდი დინამიკა, რაც დასტურდება ბოლო წლებში საქართველო-რუსეთს შორის გაცვლილი საავტომობილო ნებართვების რაოდენობით. ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში არ მატულობს და სტაბილურად 35 000 ერთეულ ნებართვას შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აქვს, მაგალითად, 2021 წელს საქართველოდან რუსეთში, დაახლოებით, 610 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიტანეთ, ხოლო უკრაინაში _ დაახლოებით, 307 მლნ აშშ დოლარის. ჯამში, 2021 წელს რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტირებული საქონლის წილი მთლიან ექსპორტში, დაახლოებით, 21%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია.

რაც შეეხება იმპორტს, 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 1,22 მლრდ აშშ დოლარის საქონელი შემოვიდა, უკრაინიდან კი იმპორტის მოცულობამ 451 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამში, 2021 წელს ამ ორი ქვეყნიდან იმპორტის წილი მთლიან იმპორტში 14.6%-ს შეადგენს.

ცხადია, თუკი ომი დიდხანს გაგრძელდა, საქართველოს ახალი ბაზრების მოძიება და ათვისება დასჭირდება, რაც რთული და ხანგრძლივი პროცესია.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share