2021 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.2 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით და 41.5 პროცენტს შეადგენს.
„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 3.1 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.7 პროცენტული პუნქტით.
2021 წლის მე-4 კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2021 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 0.2 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის მე-4 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.7 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის მე-4 კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.9 პროცენტს, ხოლო კაცებში 63.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით.
გასული წლის მე-4 კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.5 და 1.9 პროცენტული პუნქტით,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.