კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების მიუხედავად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისევ საყურადღებოა. საქართველოში მე-6 ტალღის პიკის დასრულებას უახლოეს პერიოდში ელოდებიან, თუმცა მედიკოსები საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მაინც მოუწოდებენ.
დღიურად დადასტურებული შემთხვევების კლების პარალელურად, თავისუფალი საწოლების რაოდენობა, ქვეყნის მასშტაბით 3000-მდე გაიზარდა. თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევებიც, სადაც მდგომარეობა ვერც ინფიცირებულთა მაჩვენებლის შემცირებამ შეცვალა. განსაკუთრებით რთული ვითარება რეანიმაციულ განყოფილებაშია, სადაც 20 პაციენტიდან 19 აუცრელია.
ბოლო რამდენიმე დღეა, პაციენტთა მიმართვიანობა პედიატრიულ განყოფილებებშიც შემცირდა. “ომიკრონის” შემთხვევაში, ბავშვებს კლინიკაში მკურნალობა 3-დან 5 დღის განმავლობაში უწევთ, რაც სპეციალისტების შეფასებით, ვირუსის მარტივ მიმდინარეობაზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა იზოლაციის დასრულების შემდეგ, ყველა შესაძლო გართულების თავიდან ასაცილებლად, მედიკოსები მშობლებს პედიატრთან ვიზიტს მაინც ურჩევენ.
ვაქცინაცია, “ბუსტერ” დოზების გაკეთება და რეგულაციების მკაცრი დაცვა – ეს ის თავდაცვის მექანიზმებია, რომელსაც ექიმები ვირუსთან ბრძოლის შეუცვლელ იარაღად ასახელებენ.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 160 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა და მათგან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 3% დასჭირდა. უცვლელია ასევე სტატისტიკა, რომ მძიმე პაციენტების თითქმის 98% არ არის ვაქცინირებული და ამავდროულად აქვთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადება.
წყარო : რეზონანსი