ბოლო დღეებში არაერთი მითქმა-მოთქმა მოვისმინე ეპიდემიური ვითარების შესახებ, რომ იმატა “კოვიდის” შემთხვევებმა, ახსენებდნენ “მაიმუნის ყვავილსა” და ინდოეთში გავრცელებულ ვირუსს “ჩანდიპურას”, რომელიც უმეტესად ბავშვებს ერჩის. ამიტომ შევეცადეთ ეპიდსიტუაციის ანალიზი პროფესიონალებისგან მოგვესმინა.
“დღეს საქართველოში რამდენიმე ვირუსი ცირკულირებს, მათ შორის კორონავირუსი პირველ ადგილზეა”
ივანე ჩხაიძე, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი: – თუ, სიტუაციას გავაანალიზებთ სეზონიდან გამომდინარე, წლევანდელი წლის ივლისი-აგვისტო გამორჩეულია, ვინაიდან რამდენიმე განსხვავებული შეფასება შეიძლება გაკეთდეს მოცირკულირე ვირუსების შესახებ. უპირველესად ეს შეეხება გრიპის სეზონის გახანგრძლივებას. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში გრიპის ვირუსის აქტიურობა უფრო მეტად ნოემბერში იწყება და მთავრდება მარტი-აპრილის მიწურულისთვის, ამჯერად კი გაგრძელდა ივნისის შუა რიცხვებამდე, რაც ძალიან ხანგრძლივი სეზონია. მსგავსი რამ ადრე არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით 2022 წლის პოსტკოვიდურ პერიოდს.
მესამე თავისებურებაა ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების სტაბილური მატება. წლევანდელი მონაცემებით, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაწვდის, კორონავირუსი ახლა ყველაზე ხშირად იდენტიფიცირებადი ვირუსია საქართველოში – ამას ვამბობ კალენდარული წლის 31-ე კვირის მონაცემებზე დაყრდნობით. ასეთი აქტიურობა ბევრ ქვეყანაში არ ფიქსირდება. აშშ-ში იგივე სიტუაციაა, ევროპაში კი სულ 1-2 ქვეყანაშია ასეთი დინამიკა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის განსხვავებული ვირუსი, “ომიკრონის” ვარიანტია, რომელიც ხასიათდება დაავადების მიმდინარეობის მსუბუქი და საშუალო სიმძიმით. არ ახასიათებს სუნთქვის მძიმე უკმარისობა, ფილტვების დაზიანება, მიმდინარეობს გაცივების სიმპტომებით: ტემპერატურა, ცემინება, ხველა, შესაძლებელია ყნოსვის დაკარგვა ახლდეს თან, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობაში დამაკმაყოფილებელი და საშუალო სიმძიმისაა, იშვიათად საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. თუმცა 65 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსი შეიძლება გართულებების გამომწვევი იყოს, ამიტომაც ამ ასაკის მოსახლეობას მაინც სიფრთხილე მართებს და ამ დაავადების სავარაუდო ნიშნების შემთხვევაში სასურველია ოჯახის ექიმთან კონსულტირება, თუ აუცილებლად ჩაითვლება, სტაციონარშიც გადაყვანა.
– რით ხსნით კორონავირუსის შემთხვევების მატებას და კონკრეტულად რა ციფრებზე ვართ ამ ეტაპისთვის?
– ციფრებს ვერ გეტყვით, კორონავირუსის სტატისტიკა 2022 წლიდან არ შეუდგენიათ. ჩვენ თვალს ვადევნებთ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს, თუ რომელი ვირუსი ჭარბობს, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აღრიცხავს. ამ ვირუსებს შორის კორონავირუსი პირველ ადგილზეა.
– ეს ტურისტული სეზონის შედეგია თუ რით არის გამოწვეული?
– ტურისტული მატება სხვა ქვეყნებშიც არის, მაგრამ… რამდენიმე კვირის წინ საბერძნეთში იმატა კორონავირუსის შემთხვევებმა, რაც ასევე მეტ მობილურობას უკავშირდება, თუმცა ყველა ტურისტული ქვეყანა ასეთ სტატისტიკას არ გვაჩვენებს. ასე რომ, ძნელი სათქმელია, თუ რისი შედეგია. შესაძლოა ახალ, უფრო სწრაფად გავრცელებულ ვარიანტთან გვქონდეს საქმე. არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, ეს არ არის მძიმე ვირუსი, არც ჰოსპიტალიზაციის, ან გარდაცვალების შემთხვევების მატება ახლავს. ეს უფრო მეტად სპეციალისტებისთვის და 65 წელს გადაცილებულებისთვის არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელთაც შესაძლოა ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს.
– ყივანახველას მატების მიზეზი რა უნდა იყოს?
– ყივანახველას მატების ერთ-ერთი მიზეზი კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენაა. პანდემიისას სამი წლის განმავლობაში ყველა შემზღუდავი ღონისძიება ყივანახველას წინააღმდეგაც მოქმედებდა – ნიღბის ტარება, ხელების ხშირი დაბანა, დისტანცირება… ამ ღონისძიებებმა ყივანახველასთან ერთად სხვა ტიპის პათოგენების სიხშირეც შეამცირა, მაგრამ ახლა გამრავლების ერთ-ერთი ხშირი მიზეზი გამოტოვებული ვაქცინებია. სამწუხაროდ, პანდემიის მიმდინარეობისას და შემდეგ წლებშიც გაგრძელდა ვაქცინაციაზე უარის თქმის ტენდენცია და ამჟამად ათასობით ბავშვია აუცრელი. ეს არ ეხება მხოლოდ ყივანახველას, წითელას, წითურას, ყბაყურასა და სხვა ინფექციების მატების რიცხვიც საყურადღებოა. ასე რომ, ყივანახველას შემთხვევების მატების უკან დგას გამოტოვებული გეგმური ვაქცინები.
– გრიპის ვირუსის გახანგრძლივებას რას უკავშირებთ?
– რამდენიმე ქვეყანაშიც აღინიშნა გრიპის შემთხვევების მატება, თუმცა, რა დგას ამის უკან, ძნელი სათქმელია.
– ამ ეტაპზე რომელ საშიშ ვირუსებს უნდა ვუფრთხოდეთ?
– 14 აგვისტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ “მაიმუნის ყვავილი” აიყვანა ერთი რანგით ზემოთ და გამოაცხადა ჯანდაცვის გადაუდებელ პრობლემად, რაც ეფუძნება აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში ამ ვირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ მატებას. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ევროპის კონტინენტს, ბუნებრივია, არც საქართველოს. უბრალოდ, ჯანმომ შემთხვევების მატების გამო პრევენციული ზომა მიიღო, ვინაიდან ამ ვირუსს არ ახასიათებს იოლი გავრცელება, მას აუცილებლად მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი სჭირდება, არ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. მიუხედავად ამისა, ის 16 ათასი შემთხვევა და 500 გარდაცვლილი აფრიკის კონტინენტზე გარკვეულწილად მაინც საფრთხეა მინიმუმ იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეს ვირუსია გავრცელებული. აქაც ვაქცინაციის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა მისი საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება – არა. ევროპასა და საქართველოში მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ “მაიმუნის ყვავილის” გავრცელების სპეციფიკურ ბუნებას.
– რას ნიშნავს “მაიმუნის ყვავილის” ერთი საფეხურით ზემოთ აყვანა?
– ეს ნიშნავს, როცა ლოკალური პრობლემა აღარაა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მას განიხილავს როგორც ვირუსს, რომელიც შესაძლოა მომავალში მეტად გავრცელდეს. როცა ერთი ქვეყნისთვისაა პრობლემა, მაშინ ის არ წარმოადგენს გლობალურ საფრთხეს, მაგრამ როდესაც ქვეყნებშია გავრცელებული (ვგულისხმობ აფრიკის ქვეყნებს). ჯანმოს საფეხურები გამომდინარეობს ინფექციის გავრცელების მაჩვენებლიდან.
– ადამიანიდან ადამიანზე გადადის?
– გადადის, ძირითადად, სქესობრივი კონტაქტით, და არა ჰაერწვეთოვანი გზით. არ უნდა იყოს დაავადებულის კანთან ახლო კონტაქტი, არც სქესობრივი. ასე რომ, მისი გადაცემის თავისებურება განსხვავებულია.
– ბოლო დღეებში ჩვენმა მედიასაშუალებებმა ყურადღება გაამახვილეს ინდოეთის გუჯარათის შტატში “ჩანდიპურას” ვირუსის გავრცელებაზე. რა შეგიძლიათ გვითხრათ მის შესახებ?
– “ჩანდიპურას” ვირუსი იწვევს ენცეფალიტს, თავის ტვინის დაზიანებას და შესაძლებელია ლეტალობითაც დასრულდეს. ეს ვირუსი პირველად 1965 წელს იქნა იდენტიფიცირებული, ხოლო 2003 წელს მან 183 ბავშვი იმსხვერპლა ინდოეთის ერთ-ერთ პროვინციაში. ამიტომ ამ ვირუსს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. შემთხვევების ბოლო მატებისას, 2024 წლის ივლისში, გუჯარათში იმატა დაავადებულთა რიცხვმა, 1 თვის განმავლობაში 48 ბავშვი დაიღუპა. ისევ ვიმეორებ: ეს ვირუსი არ გასცილებია ინდოეთის საზღვრებს. მას იქაც რეგიონული თავისებურება აქვს, ასე რომ, არც “ჩანდიპურა” შეიძლება იყოს განხილული მსოფლიოსთვის საფრთხედ.
– ან ერთი და მეორე ვირუსი საქართველოში თუ დაფიქსირებულა?
– 2024 წელს არც ერთი. მანამდე, თუ არ ვცდები, 2022 წელს “მაიმუნის ყვავილის” ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
– ახლა გაგანია ზღვის სეზონია, რა დარიგებას მისცემთ დამსვენებლებს?
– სიფრთხილე მართებთ, რათა თავიდან აიცილონ მზის დაკვრა, გადახურება, ასევე კანის მზით დამწვრობა. 11-დან 5 საათამდე ბავშვებსა და მოზრდილებზე პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედება ძალიან საშიშია. ამიტომ ყველამ უნდა გამოიყენოს დამცავი მალამოები, ბავშვებში უმჯობესია მაღალი დამცავი ციფრით – 50% და მეტი. დამცავი მალამოები ყოველ 2 საათში უნდა იქნეს დატანილი კანზე. გარეთ გასვლამდე 2 საათით ადრე კანი დამცავი საშუალებით კარგად უნდა დავიმუშაოთ, ზღვაში ბანაობის შემდეგ კი აუცილებელია მისი ხელმეორედ დატანა.
ჯანმომ ეს ვირუსი საფრთხედ გამოაცხადა
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, “მაიმუნის ყვავილი” შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებსა და იმუნოსუპრესირებულ პირებში.
– დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავისა და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის, ხელსა და ფეხისგულებზე. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღეში ვითარდება ფუფხები და ცვივა.
ჯანმომ მპოხ (რომელსაც ადრე “მაიმუნის ყვავილის” სახელით ვიცნობდით) საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა. ამჟამად ის აქტიურად ვრცელდება აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. ჯანმოს შეფასებით, შესაძლებელია ვირუსის გავრცელება მთელ აფრიკაში და კონტინენტის გარეთაც, თუმცა, ჯერჯერობით შემთხვევები კონცენტრირებულია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მეზობელ ქვეყნებში. ეს ვირუსი სიმპტომების მქონე ადამიანიდან ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ინკუბაციური პერიოდია 6-13 დღე (შეიძლება 21 დღემდეც გაგრძელდეს). გადამტანად გვევლინება მღრღნელები და პრიმატები.
დაავადება პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს მაიმუნებში და სახელწოდებაც აქედან მოდის. 1970 წელს კონგოში პირველად გამოვლინდა ადამიანზე გადადების შემთხვევა.
კვირის პალიტრა