“უცხოური გავლენის კანონით “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის მოღალატედ გამოაცხადა განსხვავებული აზრის მქონე არაპარტიული გაერთიანებები და ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა მათი ფუნქციონირება.
ახლა ის გვეუბნება, რომ არჩევნების შემდეგ აკრძალავს რომელიც მოუნდება იმ ოპოზიციურ პარტიას. ამას ნიშნავს არაკონსტიტუციურად გამოცხადება.
დემოკრატიის ნიშანწყალიც აღარ შერჩა ამ ქვეყანას. ან გავწევთ ძალისხმევას მის შესანარჩუნებლად ან ძალიან დიდი ხნით დავკარგავთ”
რისთვის სჭირდება ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა?
მმართველი პარტია ქუდზე კაცს იხმობს საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის. ეს 113 დეპუტატს ნიშნავს. მანდატების ამ რაოდენობას ის აკონტროლებდა 2016 წლის პარლამენტში. ამიტომ ამომრჩეველს უჩნდება ლოგიკური შეკითხვა: რა არის ისეთი რაც მაშინ ვერ ჩაწერა ხელისუფლებამ უზენაეს კანონში და ახლა სურს ამის გაკეთება? ამას სჭირდება პასუხი და ოცნებაც ცდილობს ხან რა არგუმენტი მოიტანოს და ხან რა, ზოგიც კიდე დაგვიანონსოს და არ გაგვიმხილოს. რეალურად არცერთი ეს არგუმენტი მყარი არ არის და ყურით მოთრეულის შთაბეჭდილებას იწვევს.
არც 78-ე მუხლის (ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ვალდებულება) გაუქმების სურვილი მგონია აქ მიზეზი. ეგ მუხლი იმ პირობებში როცა საკონსტიტუციო სასამართლოს აკონტროლებ ხელს ვერაფერში შეგიშლის.
სამაგიეროდ არსებობს რამდენიმე ჩანაწერი რომელიც რეალური წინაღობაა მათთვის:
1. საკონსტიტუციო სასამართლოს 3 მოსამართლის დანიშვნას 90 ხმა სჭირდება, ვაკანსიები კარსაა მომდგარი;
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის დანიშვნასაც 90 ხმა უნდა;
და რაც ყველაზე მთავარია: პროპორციულ არჩევნებში ვერცერთი ავტორიტარული რეჟიმი ვერ იძინებს მშვიდად. 5% ბარიერი მაღალია, მაგრამ ოპოზიციის ოდნავ ორგანიზების პირობებშიც კი ხელისუფლების დამარცხება რეალურია, მაშინ როცა მაჟორიტარული კომპონენტის დაბრუნების შემთხვევაში ეს შანსი ერთი-ორად მცირდება.
კონსტიტუციის დღეს გილოცავთ დაგვიანებით!
წერს კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.