ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერიის თანამშრომელი ინიშნება

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ოზურგეთის მერიის თანამშრომელი, თემურ მოქია ინიშნება.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრიდან, არაოფიციალურად აცნობეს.

მეოთხე საჯარო სკოლაში დირექტორის პოსტი წელიწადზე მეტია ვაკანტურია და მოვალეობას ყოფილი დირექტორი, ტარიელ კალანდაძე ასრულებდა, რომელსაც განათლების მინისტრმა არ მისცა უფლება სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე წარმდგარიყო და ამ თანამდებობაზე მეორე ვადით ეყარა კენჭი.

მინისტრის ამ გადაწყვეტილებამ სკოლაში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

მოგვიანებით, სამეურვეო საბჭომ მინისტრის მიერ წარდგენილი ხათუნა ქარჩავას კანდიდატურა ორჯერ ჩააგდო – ამ უკანასკნელს სამეირვეო საბჭოს 14 წევრიდან, ხმა მხოლოდ ერთმა მისცა, რაც დირექტორად ასარჩევად საკმარისი არ აღმოჩნდა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კი მინისტრმა, ტარიელ კალანდაძე, მოვალეობის შემსრულებლობიდანაც “გადააყენა” და მის ადგილზე, ოზურგეთის მერიის თანამშრომელი დანიშნა.

სურათზე: თემურ მოქია მარჯვნიდან პირველი – ოზურგეთის ყოფილ მერთან, მის მეგობარ კონსტანტინე შარაშენიძესთან ერთად (მარცხნიდან პირველი)

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share