მილერი მცდარს უწოდებს ბრალდებას, რომ აშშ-ს საქართველოში “ფერადი რევოლუციის” მოწყობა სურს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებას გამოეხმაურა.

მილერის თქმით, ბრალდებები, თითქოს აშშ საქართველოში “ფერადი რევოლუციის მოწყობას გეგმავს” კატეგორიულად მცდარია.

“ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია გვაქვს, რათა უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო აშენდეს”. – განაცხადა მან.

მისი თქმით, “2008 წელს კრემლმა თავდასხმა მოაწყო და დღეს სუვერენული საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, და ასევე უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ აგრესიის ომს განაგრძობს. ჩვენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით ვდგავართ”.

სერგეი ნარიშკინი ირწმუნება, რომ რუსეთს საქართველოში “ფერადი რევოლუციის” არიდებაში წვლილის შეტანა სურს. ამის შესახებ მან რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან გუშინ ისაუბრა.

26 აგვისტოს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ირწმუნებოდა, რომ აშშ საქართველოში “ფერად რევოლუციას” ამზადებს. მსგავსი შინაარსის განცხადება ამავე ორგანომ ივლისის დასაწყისშიც გაავრცელა. მაშინ ირწმუნებოდნენ, რომ, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავდა, რაც შეიძლება “ფერად რევოლუციამდე” მისულიყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share