„2050 წლისთვის საქართველო იქნება მცირერიცხოვანი სახელმწიფო – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ ახდეს გაეროს ეს პროგნოზი“

პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართა პრეზენტაცია თემაზე – „საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის ანალიზი, პრობლემები და პერსპექტივები“.

საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის, როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორზე, მოხსენება პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა. მან მიმოიხილა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული დემოგრაფიული პოლიტიკა წევრი სახელმწიფოების მიმართ და ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ეროვნულ თუ პოლიტიკურ დოკუმენტში ასახულ ინიციატივებზე. მისი თქმით, დემოგრაფიული საკითხი მნიშვნელოვანია და მისი გადაწყვეტა მრავალმხრივ ჩართულობას მოითხოვს.

ქვეყანაში საკითხებზე მუშაობა განსაკუთრებით 2012 წლიდან გააქტიურდა, 2016 წელს „საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია“, „დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი“ და ამ მიმართულებით რამდენიმე კანონპროექტი პარლამენტში სწორედ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით შემუშავდა.

პრეზენტაცია თემაზე „საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის ანალიზი, განხორციელებული პროგრამები და შემდგომი რეკომენდაციები“, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოწვეულმა სპეციალისტმა/ექსპერტმა თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძემ გააკეთა.

ექსპერტმა 2012 წლიდან დღემდე საქართველოში განხორციელებული დემოგრაფიული ინიციატივები და მათი შედეგები მიმოიხილა, გააკეთა არსებული სიტუაციის ანალიზი და შეკრებილ საზოგადოებას რეკომენდაციები გააცნო. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა შობადობისა და მოკვდაობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, მიგრაციის, დაბერებისა და საქართველოს მოსახლეობის რეგიონული დემოგრაფიული მაჩვენებლები. ასევე ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოგრაფიულ მდგომარეობას.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე და მომავლის პერსპექტივებზე.

საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებას, 2012 წლიდან დღემდე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ახორციელებს. კომიტეტი ამ მიმართულებით, დარგის ექსპერტებთან ერთად, მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.

„21-ე საუკუნეში საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. გარდა იმისა, რომ მოსახლეობა შემცირდა, ნაკლებია შობადობა, მაღალია სიკვდილიანობა. ამას რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო რთულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ვითარებებმა, ამ პროცესს ბოლო წლებში სერიოზული დაღი დაასვა კოვიდ პანდემიამ, წელს უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა, ემიგრაციულმა პროცესებმა, რომელმაც არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად ევროპა და მსოფლიო მოიცვა. მართალია ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით 2012 წლის შემდეგ არაერთი გადაწყვეტილება, დადგენილება იქნა შემუშავებული, მაგრამ ვითარება ჯერჯერობით კვლავაც რთულია. შევთანხმდით, მთავრობასთან ერთად, საზოგადოების აქტიური მონაწილეობით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ ახდეს გაეროს პროგნოზი, რომ 2050 წლისთვის საქართველო იქნება მცირერიცხოვანი სახელმწიფო სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, მეცნიერებათა აკადემიის, უმაღლესი სასწავლებლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share