ვისთვის აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა და რატომ აგრძელებს ზოგიერთი მედიასაშუალება შეფარული თუ არაშეფარული მეთოდებით მათ პოპულარიზაციას?
რა პასუხი აქვთ აზარტული თამაშების ბიზნესის მფლობელებს, მედიის მენეჯერებს და რას ფიქრობს უწყება, რომელმაც ეს კანონი დაჩქარებული წესით მიიღო იმ იმედით, რომ ხელს შეუწყობდა „ლუდომანიის“ და მისგან გამოწვეული მავნე, ხშირად ფატალური შედეგების შემცირებას?
„აიპრესი“ ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც არაერთმა მოქალაქემ, მათ შორის აზარტული თამაშებისგან დაზარალებული ადამიანების ოჯახის წევრებმა მოგვმართეს. ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ პრემიერის ინიციატივამ, რომელიც შემდეგ საკანონმდებლო დონეზე დარეგისტრირდა, არაერთი ადამიანი გადააარჩინა, ე. წ „ლუდომანიის“ მსხვერპლად ქცევისგან. თუმცა, კანონი, ხშირ შემთხვევაში, ირღვევა და ამას აკეთებენ გარკვეული მედიასაშუალებები, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ იმას, რაც კანონითაა აკრძალული. სანამ კონკრეტულ თემაზე გადავალთ, მივყვეთ ქრონოლოგიას „აკრძალული თამაშების“ შესახებ.
რას გვეუბნება კანონი…
2021 წლის 22 დეკემბერს ცვლილება შევიდა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში, რითაც დაწესდა რიგი შეზღუდვები აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს ბინგოს, აზარტული თამაშების ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელებასა და აბრის განთავსებასთან დაკავშირებით.
ეს გახლდათ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მოჰყვა.
„1 500 000-ს ადამიანს შევუზღუდეთ ეს მავნე, მომაკვდინებელი თამაშები. ამან, რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქართველ ხალხს დაუზოგა თანხებიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა და ისაუბრა “ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” კანონზე.
მისივე თქმით, კომპანიებმა ბიუჯეტში გადასახადების სახით 110 მილიონი ლარი გადაიხადეს.
„პარლამენტმა ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა ჩვენს ამ ინიციატივას და შევცვალეთ კანონები, რაც გასაკეთებელი იყო, გავაკეთეთ. 1 500 000-ს ადამიანს შევუზღუდეთ ეს მავნე, მომაკვდინებელი თამაშები.
ამან, რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქართველ ხალხს დაუზოგა თანხებიც და ა.შ. იმ თანხებს სხვა რაღაცებში მიმართავენ.
იცით, რომ აზარტულ კომპანიებს გავუზარდეთ გადასახადები და მეტ გადასახადს იხდიან ბიუჯეტში. 110 მლნ ლარი არის შემოსავლები, რომელიც ბიუჯეტში გადაიხადეს ამ კომპანიებმა”, – განაცხადა პრემიერმა 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პარლამენტში.
კანონის 83-ე მუხლმა საკმაოდ მკაცრად დაარეგულირა ზემოხსენებულ სფეროებში სარეკლამო რეგულაციები, კერძოდ კი, პირველი პუნქტის თანახმად, აზარტული თამაშების, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გავრცელება გახდა დაუშვებელი. ამავე მუხლით დაწესდა გამონაკლისები, კერძოდ ამგვარი რეკლამის გავრცელება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში – (1) თუ რეკლამა ვრცელდება იმ ვებგვერდზე განთავსებით, რომელზეც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა (2) რეკლამა ვრცელდება სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების გამართვის ადგილზე ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის ადგილზე და აღნიშნული არის მათი საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო პირობა (3) აღნიშნული რეკლამა ვიზუალურად განთავსებულია იმ ობიექტზე, სადაც დაშვებულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობა (4) აღნიშნული რეკლამა განთავსებულია საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კანონი არაორაზროვნად არეგულირებს ვებგვერდზე აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორისა და ტოტალიზატორის ორგანიზატორის რეკლამის გავრცელების წესს, კერძოდ ამგვარი რეკლამის გავრცელება დასაშვებია მხოლოდ იმ სახის ვებგვერდზე, რომელზეც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა (ე. წ. „გემბლინგ ვებგვერდი“). უფრო კონკრეტულად კი, იგულისხმება სამეწარმეო სუბიექტები, რომლებსაც მოპოვებული აქვს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ნებართვა.
უშვებს თუ არა კანონი გამონაკლისებს მედიისთვის?
პასუხი არის უარყოფითი! კანონი არ უშვებს რაიმე სახის გამონაკლისებს სარეკლამო მასალის შინაარსთან მიმართებაში, კერძოდ იგი კრძალავს, როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ რეკლამას. ამდენად, კანონმა მკაცრად დაარეგულირა, რომ დაუშვებელია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორისა და ტოტალიზატორის ორგანიზატორის რეკლამის გავრცელება მისი შინაარსის მიუხედავად.
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო მკაცრად არეგულირებს ზემოხსენებულ საკითხებს, თუმცა საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ ისეთი მეწარმე სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ აზარტული თამაშების, ტოტალიზატორის, აზარტული თამაშების ორგანიზატორისა და ტოტალიზატორის ორგანიზატორის რეკლამის გავრცელებას. მაგალითად, ასეთებია ტოტალიზატორები „ბეთლაივი“ (www.betlive.com),კროკობეთი (www.crocobet.com), ევროპაბეთი (https://www.europebet.com).
ზემოხსენებული ტოტალიზატორები არაერთ ვებგვერდზე ათავსებს სარეკლამო მასალებს, მათ შორის მოკლე ვიდეო-რგოლებს (ე. წ. „პრეროლებს“), ისე სარეკლამო ბანერებს.
ყველაზე ხშირად კი ტოტალიზატორების მიერ ხორციელდება სარეკლამო მასალის გავრცელება შემდეგი ფორმით – „QR კოდი“ დაასკანერე. ხსენებული QR კოდის დასკანერების შემდეგ, მომხმარებელს, კონკრეტული ტოტალიზატორი თავისივე ვებგვერდზე აძლევს ე.წ. სპინებს, ანუ სათამაშო ქულებს.
ჩვენ მიერ მოძიებულ იქნა ამგვარი ფაქტები შემდეგ ელექტრონულ ვებგვერდებზე: www.acmilan.ge; www.barcamania.ge; www.chelsea.ge; www.live.ge; www.liv
აღსანიშნავია, რომ ხსენებული ვებგვერდებზე არ არის დაშვებული სისტემურ ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა. გარდა მითითებული ვებგვერდებისა, ამგვარი სარეკლამო მასალები გვხვდება სხვა ვებგვერდებზეც, რომლებზეც რა თქმა უნდა, ასევე არ არის დაშვებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა.
ჩვენ დავუკავშირდით ლევან კვინიკაძეს, რომელიც მითითებულია შემდეგი საიტების საკონტაქტო პირად: www.manchester.ge; www.acmilan.ge; www.chelsea.ge; www.liverpoolfc.ge. მას ვკითხეთ, არღვევენ თუ არა ისინი კანონს, რაზეც გვიპასუხა: „ეს მე მგონი კანონით არ არის აკრძალული“
რაც შეეხება საიტს www.barcamania.ge– ს, მისმა წარმომადგენელმა, მიშა ზაქარეიშვილმა კითხვაზე, არღვევენ თუ არა ისინი კანონს აზარტყლი თამაშების შესახებ, გვიპასუხა: „ეს ჩვენი გამოქვეყნებული არაა, სარეკლამომ მოიტანა ჩვენამდე რეკლამა, შესაბამისად მე ვერ ვერევი ამაში.
ჩემთან არ მოსულა არცერთი კომპანია. მე სათამაშო ბიზნეს კონტრაქტი არ მაქვს. სარეკლამო კომპანიამ მოიტანა, ის თვითონ ადგენს რომელია კანონთან შესაბამისობაში და რომელი არა. თუ მოხდება რამე კანონდარღვევა, სარეკლამო აგებს პასუხს, ასეთი კონტრაქტი მაქვს დადებული.“
2022 წლის 3 ოქტომბერს, Live.ge-ისთანაც დავრეკეთ და მივმართეთ შემდეგი კითხვით: თქვენს პორტალზე სათამაშო ბიზნესის რეკლამირება ხდება, მაშინ, როდესაც, კანონით აკრძალულია ეს. რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე? არღვევთ თუ არა კანონს? თუმცა გვითხრეს რომ პირი, რომელიც კომპეტენტურია აღნიშნულ კითხვას გასცეს პასუხი, შვებულებაში იმყოფებოდა და 10 ოქტომბრისთვის დაბრუნდებოდა სამსახურში.
12 ოქტომბერს კვლავ დავრეკეთ „ლაივ,გე“-სთან იგივე კითხვით. გვითრეს რომ თვითონ დაგვეკონტაქტებოდნენ, თუმცა ამ დრომდე არავის დაურეკავს.
2022 წლის 28 სექტემბერს დავუკავშირდით crocobet.com-ს, სადაც გვითხრეს, რომ კითხვები წერილობითი სახით გადაგვეგზავნა. იმავე დღეს გადავაგზავნეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია
ასევე, 28 სექტემბერს დავუკავშირდით europebet.com-ს, სადაც გვითხრეს, რომ კითხვები წერილობითი სახით გადაგვეგზავნა. დასმულ კითხვაზე მათ გვიპასუხეს: “ჩვენი კომპანია კანონის სრული დაცვით ახორციელებს სარეკლამო აქტივობას, იმ მინიმალური საკომუნიკაციო საშუალებებით, რაც დაშვებულია”…
მიღებული პასუხის შემდეგ, ისევ მივმართეთ “ევროპაბეთს” – კითხვით, “შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ ის გამონაკლისები, რომლითაც ხელმძღვანელობთ თქვენ, ან მიგვითითოთ კანონის ნორმები, რომლის მიხედვითაც საიტებზე დაშვებულია ამ სახის რეკლამა?”
პასუხი მივიღეთ: “თქვენი მოთხოვნა გადავეცი შესაბამის განყოფილებას დასაზუსტებლად, ინფორმაციის მიღებისთანავე, დაგიკავშირდებით ამავე მიმოწერაში.” თუმცა, რაიმე განმარტება ამ თემაზე აღარ მიგვიღია.
ვინ აღასრულებს კანონს?
პასუხი ამ კითხვაზე ძალიან მარტივია – არავინ! ფაქტი სახეზეა. პრემიერის მოწოდების და საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, აზარტული თამაშების პოპულარიზაცია მაინც ხდება და ყველა მოწყვლად ჯგუფს მათთვის ყველაზე მარტივი საშუალებით – ინტერნეტით აქვთ წვდომა აზარტულ თამაშებზე.
როგორც კანონში ვკითხულობთ, მაუწყებლებზე კონტროლი ევალება საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისას, თუმცა, რაც შეეხება ონლაინ მედიას, მათი კონტროლი რატომღაც მუნიციპალიტეტებს დაევალა, ოღონდ როგორ და რა მექანიზმით, ამის შესახებ კანონი არაფერს გვეუბნება…
მუხლი 17. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებანი რეკლამის სფეროში
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები ან მის მიერ უფლებამოსილი პირი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილი არიან რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისრონ ადმინისტრაციული სახდელი.
რაიმე კონკრეტული განმარტება იმისა, თუ რა სახის მექანიზმებზეა საუბარი, რომელ მუნიციპალიტეტს და როგორ ევალება აღნიშნულის რეგულაცია, რის მიხედვით ევალება, მაგალითად საინფორმაციო სააგენტოს იურიდიული მისამართის, თუ ტერიტორიული ადგილმდებარეობის მიხედვით, არ არის განმარტებული.
ამ ბუნდოვანების გასარკვევად და მათზე ნათელის მოსაფენად, კითხვებით მივმართეთ აღნიშნული ცვლილებების ერთ-ერთ ინიციატორს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილს მივმართეთ:
დავით სონღულაშვილი: თუ პრობლემა აღსრულების ნაწილზეა ამაზე პასუხი მოეთხოვებათ იმ ორგანოებს ვინც პასუხისმგებელნი არიან ადმინისტრირებაზე
„ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის მიღება წარმოადგენდა სახელმწიფოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც უშუალოდ მიმართული იყო საზოგადოების საჯარო ინტერესების დაცვისკენ და სოციალური ფონის გაუმჯობესებისკენ. სათამაშო ბიზნესი ზოგადად იწვევს საზოგადოების მაღალ ინტერესს, რამაც დღის წესრიგში დააყენა სახელმწიფოს მხრიდან ასეთი აუცილებელი რეგულაციების შემოღება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.“ – გაგვიცხადა დავით სონღულაშვილმა.
რით იხელმძღვანელეთ, როდესაც მუნიციპალიტეტებს დააკისრეთ პასუხისმგებლობა?
საკმაოდ ბუნდოვანია დასმული კითხვა, როდესაც აქცენტი პასუხისმგებლობაზე კეთება. ზოგადად ადმინისტრირების ნაწილში დაკისრებული ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით არის საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა, მაგალითად, თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე ადმინისტრირების ნაწილი აკისრია ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, ხოლო თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები არიან პასუხისმგებელნი და ა.შ.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტებისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1585-ე მუხლით გათვალისწინებულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის რეკლამის გავრცელების, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების ან/და აბრის განთავსების წესის დარღვევის საკითხი.
აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.
ხოლო ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.
სარეკლამო მასალა გავრცელებულია იმგვარ ვებგვერდზე, რომელზედაც არ არის დაშვებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა, როგორ უნდა გააკონტროლოს მუნიციპალიტეტმა და რომელი ქვეყნის ანალოგით ისარგებლეთ, როდესაც ასეთი დათქმა შეიტანეთ კანონში?
რაც შეეხება რეკლამის ნაწილს, საკომიტეტო მოსმენებზე მსჯელობის შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აკრძალული იქნებოდა რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით, მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გავრცელება, ამავე დროს დაწესდა გამონაკლისები, როგორიც არის: რეკლამის გავრცელება იმ ვებგვერდზე, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა; რეკლამის გავრცელება სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების გამართვის ადგილზე ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის ადგილზე, აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე. და ა. შ. („რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი მუხლი 83).
რაც შეეხება კითხვას რომელი ქვეყნის ანალოგით ვისარგებლეთ, ამ შემთხვევაში ანალოგია არ გამოგვიყენებია, ვინაიდან ეს გახლავთ სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც საზოგადოების საჯარო ინტერესების დაცვისკენ და სოციალური ფონის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.
ფიქრობთ თუ არა, რომ აღნიშნული საკითხის კონტროლის მექანიზმის გარეშე დატოვებით, არათანაბარ პირობებში აყენებთ მედიასაშუალებებს?
რაც შეეხება კონტროლის მექანიზმის გარეშე დატოვების საკითხს, ვფიქრობთ, რომ რეგულაციის გარეშე დარჩენილი არ არის არცერთი მიმართულება და თუ პრობლემა აღსრულების ნაწილზეა ამაზე პასუხი მოეთხოვებათ იმ ორგანოებს ვინც პასუხისმგებელნი არიან ადმინისტრირებაზე. კანონმდებელმა გაწერა ყველა რეგულაცია მკაფიოდ, ხოლო საქართველოს პარლამენტმა, როგორც საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომელშიც პირველ რიგში ასახული იყო ის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას გააჩნია აზარტულ თამაშობებთან მიმართებაში.
თამაზ თოდრაძე: კანონის პრაქტიკაში გამოყენებამ გვაჩვენა, რომ სრულყოფილად არ არის შემუშავებული კანონის აღსრულების მექანიზმი
ამ საკითხთან დაკავშირებით, იგივე კითხვებით მივმართეთ თამაზ თოდრაძე – ს შპს „ნექსია თიეი“-ს იურიდიული მიმართულების პარტნიორს.
ბატონო თამაზ, როგორ ფიქრობთ, რით იხელმძღვანელა საკანონმდებლო ორგანომ როდესაც მუნიციპალიტეტებს დააკისრეს პასუხისმგებლობა? გსმენიათ თუ არა მსგავსი პრაქტიკის შესახებ რომელიმე ქვეყანაში?
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად რეგულაციების შემოღება აზარტული თამაშობების მიმართ ცალსახად დადებითად უნდა იქნეს შეფასებული, რადგანაც იგი განაპირობებს აზარტული თამაშობების მიმართ ინტერესის შემცირებას. თუ ვიმსჯელებთ კანონპროექტის განმარტებითი ბარათით, კანონმდებლის ძირითად მიზანს, კანონპროექტის განხილვისას წარმოადგენდა მოზარდი და ახალგაზრდა თაობებისთვის ზიანის არიდება. თავის მხრივ, ევროპის განვითარებული ქვეყნებიც ყველა სამართლებრივი გზით ცდილობენ შეამცირონ ინტერესი აზარტული თამაშობების მიმართ, ამგვარი რეგულაციები დადგენილია მათ შორის შემდეგ ქვეყნებში – ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა.
რეგულაციების დადგენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის მათი აღსრულება. ამ კუთხით, კანონმდებლობა ითვალისწინებს ჯარიმას 10 000 ლარის ოდენობით, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 20 000 ლარის ოდენობით, (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1585 მუხლი), რაც შეეხება დარღვევათა გამოვლენასა და სანქციის დაკისრებას, ხსენებული დავალებული აქვს მუნიციპალურ ორგანოებს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის პირველი ნაწილი). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღსრულების მექანიზმი საჭიროებს დახვეწას და სრულყოფაში მოყვანას, ვინაიდან ელექტრონული ვებგვერდების შემთხვევაში ვხვდებით რიგ წინააღმდეგობებს.
უპირველეს ყოვლისა კანონმდებლობა ზუსტად არ განსაზღვრავს სუბიექტს, თუ ვის უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი, აზარტული თამაშობების ორგანიზატორს თუ თავად ელექტრონული ვებგვერდის მესაკუთრეს, მაშინ, როდესაც სარეკლამო მასალა ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსდა სარეკლამო მომსახურების ფარგლებში. გარდა ამისა, როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი, თუ სარეკლამო მასალა გავრცელდა ერთდროულად რამდენიმე მუნიციპალიტეტში, კერძოდ რომელი მუნიციპალიტეტის მიერ უნდა იქნეს დადებული ადმინისტრაციული სახდელი.
თვალსაჩინოებისთვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითიც – აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა ელექტრონული ვებგვერდის მფლობელს დაუკვეთა მისი სარეკლამო ბანერების განთავსება ელექტრონულ ვებგვერდზე და მოსთხოვა მათი ჩვენება თბილისი, რუსთავისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში („თარგეთირების“ გზით). მოცემულ შემთხვევაში კანონმდებელი არ განმარტავს თუ ვის უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (აზარტული თამაშობის ორგანიზატორს თუ ელექტრონული ვებგვერდის მფლობელს), ისევე, როგორც არ განმარტავს თუ რომელი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას განეკუთვნება ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება (თბილისის, რუსთავის თუ ქუთაისის მუნიციპალიტეტს). კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება, როდესაც სახეზე ასევე სარეკლამო კომპანია გვყავს (მაგალითისთვის: აზარტული თამაშობების ორგანიზატორმა რეკლამის გავრცელება დაუკვეთა სარეკლამო კომპანიას, რომელმაც თავის მხრივ ქვეკონტრაქტორად დაიქირავა ელექტრონული ვებგვერდის მესაკუთრე).
სარეკლამო მასალა გავრცელებულია იმგვარ ვებგვერდზე, რომელზედაც არ არის დაშვებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა, როგორ უნდა გააკონტროლოს მუნიციპალიტეტმა ასეთი შემთხვევები და რა ლოგიკის მიხედვით?
თუ რომელმა მუნიციპალიტეტმა უნდა მოახდინოს სანქციის დაკისრება, ვფიქრობ ყველაზე მარტივი იქნება აღნიშნული კომპეტენცია მივანიჭოს იმ მუნიციპალიტეტს სადაც მდებარეობს აზარტული თამაშობის ორგანიზატორის იურიდიული მისამართი. თავის მხრივ, როგორც უკვე ვახსენეთ, ელექტრონული ვებგვერდის მფლობელი შესაძლოა იყოს უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი, შესაბამისად ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი ვერ მოახდენს სანქციის დაკისრებას.
საკითხის მოგვარება რა თქმა უნდა მრავალი გზით არის შესაძლებელი. თუმცა, ყველაზე მართებული გადაწყვეტილება იქნებოდა სამართალდამრღვევ სუბიექტად, როგორც აზარტული თამაშობის მომწყობის, ისე ელექტრონული ვებგვერდის მფლობელის, ხოლო თუ სახეზე გვყავს სარეკლამო კომპანია ასევე სარეკლამო კომპანიის განხილვა, რაც მათთვის სანქციის სოლიდარულად დაკისრებას ნიშნავს, თავის მხრივ, სოლიდარული პასუხისმგებლობის არსი გულისხმობს, რომ თითოეული ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი (ჩვენს შემთხვევაში აზარტული თამაშობის მომწყობი, ელექტრონული ვებგვერდის მესაკუთრე და სარეკლამო კომპანია) ვალდებულია სანქციის (ჯარიმის) სრულად, და არა მისი კონკრეტული ნაწილის, გადახდაზე. უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ ელექტრონული ვებგვერდის მფლობელი სუბიექტი შესაძლოა იყოს უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რაც თავის მხრივ ფაქტობრივად გამორიცხავს ჯარიმის აღსრულების შესაძლებლობას.
თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ზემოხსენებული წარმოადგენს ერთ-ერთ გზას, რითაც შესაძლოა გადაჭრილ იქნეს არსებული პრობლემა. ამდენად, პრობლემის მოგვარების გზა რა თქმა უნდა მრავალი შესაძლოა იყოს.
ფიქრობთ თუ არა, რომ აღნიშნული საკითხის კონტროლის მექანიზმის გარეშე დატოვებით, არათანაბარ პირობებში აყენებენ მედიასაშუალებებს და ტოვებენ „შავ ხვრელებს“ კონკრეტული კომპანიების თუ მედისაშუალებების სასარგებლოდ?
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ვერც ერთი კანონმდებლობა ვერ იქნება სრულყოფილი, იგი ყოველთვის საჭიროებს დახვეწას, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაშიც არსებობს ხარვეზები, რომლებიც შევსებას საჭიროებს. თუმცა, ამ ხარვეზების დანახვისთვის ხშირ შემთხვევაში აუცილებელია კანონის პრაქტიკაში გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში ზუსტადაც კანონის პრაქტიკაში გამოყენებამ გვაჩვენა, რომ სრულყოფილად არ არის შემუშავებული კანონის აღსრულების მექანიზმი.” – განაცხადა იურისტმა.
პ.ს კანონი, რომლის აღსრულებაც არ ხდება, უკანონობას უფრო ჰგავს და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას.
ეს თემა ნებსით თუ უბელიეთ ვიღაცის „წისქვილზე რომ ასხამს წყალს“, ფაქტია…
https://ipress.ge/