ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ბელარუსის გარეშე არ უნდა იმართებოდეს, რადგან ქვეყანა ამ ომში “ჩაითრიეს”.
“მსურს გაგაცნოთ ჩვენი პოზიცია, რომელიც უკვე გადავეცით საგარეო საქმეთა სამინისტროს რეალიზებისთვის. შეუძლებელია მოლაპარაკებები ბელარუსის გარეშე. თუ ჩვენ ამაში ჩაგვითრიეთ, პირველ რიგში ეს დასავლეთის ქვეყნებს ეხება, ამ მოლაპარაკებებზე, ბუნებრივია, უნდა ისმოდეს ბელარუსის პოზიციაც. ჩვენ იქიდან გამოვდივართ, რომ ეს ომი ჩვენი ქვეყნის ჭიშკართან მიმდინარეობს და ის ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ბელარუსში არსებულ სიტუაციაზე. შესაბამისად, ბელარუსის ზურგს უკან სეპარატისტული შეთანხმებები ვერ იარსებებს”. – თქვა ლუკაშენკომ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.