ადამიანს, რომელსაც ისტორიასთან შეხება არა აქვს, ასეთი კითხვა მართლაც შეიძლება გაუჩნდეს – სტამბოლს ხომ, თითქმის 500 წლის მანძილზე, დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა? დიდი, ულამაზესი ქალაქი, მოსახერხებელი ადგილმდებარეობით და მდიდარი ისტორიით.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მუსტაფა ქემალს (ათათურქს) იდეას დედაქალაქის ანკარაში გადატანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მიზეზები ჰქონდა და მათ შორის, ყველაზე მთავარი ოკუპაცია იყო.
ქალაქი სტამბოლი
ქალაქი ანკარა
I მსოფლიო ომში ოტომანთა იმპერიის დამარცხების შემდეგ, სტამბოლი და თურქეთის მთელი ტერიტორია ანტანტის ქვეყნების მიერ იყო დაპყრობილი. იმ დროს მუსტაფა ქემალი სამხედრო ოფიცერი და რევოლუციონერი იყო და ქვეყნის გადარჩენის მიზნით, მან თურქეთის ეროვნული კონგრესი დააარსა. ის კარგად აცნობიერებდა, რომ აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისთვის, მთავარი ქალაქი ოკუპირებული სტამბოლი ვერ იქნებოდა. ამიტომ, მან თურქ პატრიოტებს მოუწოდა, არ დამორჩილებოდნენ მარიონეტ სულთანს, ხოლო თავის მომხრეებს, ანკარაში ჩასვლა სთხოვა.
1920 წელის ზამთარში ევროპელმა მოკავშირებმა, დაუმორჩილებლობის მოტივით, ოსმანეთის პარლამენტი დაითხოვეს და ვინც იმ დროს დაკავებული არ იყო, ყველა ანკარაში გაიქცა, სადაც იმავე წლის აპრილში ახალი პარლამენტის – დიდი ეროვნული კრების სხდომა გაიმართა, რომელმაც საკუთარი თავი, ქვეყანაში ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებად გამოაცხადა… ხოლო ანკარამ, ახალი ხელისუფლების ყურადღება თავისი მთიანი ლანდშაფტით მიიპყრო, რაც სტრატეგიული თვალსაზრისით, თავდასხმის შემთხვევაში, მტრის მოსაგერიებლად მეტად ხელსაყრელი იყო. გარდა ამისა, ქალაქი ქვეყნის ცენტრში მდებარეობდა და მოკავშირე საჯარისო ფორმირებებთან კომუნიკაციის დასამყარებლად, ასევე ძალიან მოსახერხებელი იყო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანკარის დედაქალაქად გამოცხადების საქმეში, გარკვეული როლი, ქვეყნის მომავალი პრეზიდენტ–რეფორმატორის იდეოლოგიურმა პრინციპებმაც შეასრულა. მუსტაფა ქემალს წარსულთან კავშირის გაწყვეტა და სრულიად ახალი, ეროვნული სახელმწიფოს შექმნა უნდოდა… და ეს გამოუვიდა კიდეც…
ქვეყნიდან ინტერვენტების გაყრის და 1923 წ. ლოზანის კონფერენციის შემდეგ, რომელზეც თურქეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სცნეს, ყველა სახელმწიფო დაწესებულება და უცხო ქვეყნის საელჩო, სტამბოლიდან ანკარაში გადავიდა. ხოლო, სტამბოლს ეკონომიკური ცენტრის და საპატიო, «კულტურის დედაქალაქის» სტატუსი დარჩა.
ასე გახდა, თითქმის ყველასთვის უცნობი, პატარა პროვინციული ქალაქი თურქეთის დედაქალაქი. ანკარას ეს სტატუსი 1923 წლის 13 ოქტომბერს მიენიჭა.