“ქართული ოცნების” დეპუტატის ნახევარმილიონიანი დაბადების დღე – სუფრა 600 ადამიანისთვის გარდაბანში, ბაქოდან სპეციალური მოწვევით ჩამოყვანილი მომღერლები, სტუმრებისა და მუსიკოსებისთვის დარიგებული დოლარები და წვეულება სროლისა და დაპირისპირების ფონზე – ასე აღნიშნა სავალან მირზოევმა 38-ე იუბილე.
ოპოზიცია ამტკიცებს რომ ”ქართული ოცნების” დეპუტატმა საკუთარი დაბადების დღე წინასაარჩევნო შეკრებად აქცია.
საგანგებოდ შეკრებილი სტუმრებისთვის ყველაფერი წინასწარ გათვლილი და მომზადებული იყო . მათ შორის სტუმრების მაგიდებთან განლაგება და რესტორნის დეკორაცია.
დეპუტატმა პომპეზურ დაბადების დღეზე აზერბაიჯანიდან 15-მდე მომღერალი ჩამოიყვანა, რაც ჯამში დაახლოებით 100 ათასი დოლარამდე დაჯდა.
მთავარი კითხვა ის არის, როგორ შეძლო პარლამენტის დეპუტატმა, მაქსიმუმ 5000 ლარიანი ხელფასით ნახევარმილიონად შეფასებული წვეულების მოწყობა.
600 კაციან სუფრას ხელმძღვანელობდა კიდევ ერთი დეპუტატი და სავალან მირზოევის მეგობარი ზაურ დარგალი.
დეპუტატის გრანდიოზულ წვეულებას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის გარეშე არ ჩაუვლია. დაბადების დღეზე გადაღებულ კადრებში ჩანან სროლით შეშინებული მომღერლები.
გავრცელებული ინფორმაციით დაბადების დღეს იყო ჩხუბიც. ერთმანეთს თავად ქართული ოცნების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. მძიმედ ნაცემია სახმან მირზოევი – საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან გარდაბანში. ინფორმაციის გადასამოწმებლად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც მივედით, თუმცა ჩვენს კითხვებს არავინ უპასუხა.
ხმაურიანმა დაბადების დღემ კითხვები გააჩინა სავალან მირზოევის ქონებასთან დაკავშირებით. ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის დეპუტატს კორუფციაში ადანაშაულებენ.
სოფელ ყარაჯალაში, მირზოევის სახლში, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა არც ნაკვეთი და არც სახლი მის ქონებრივ დეკლარაციაში არ იძებნება. ამას დეპუტატი იმით ხსნის, რომ ქონება მამამისის სახელზეა გაფორმებული და მას არ ეკუთვნის.
პასუხგაუცემელია კითხვაც, რატომ არ დაიწყო გამოძიება შსს-მ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით.
მთავარი არხი