“ძალიან გულდაწყვეტილი და უკმაყოფილო ვარ” – ამის შესახებ ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებთან 1:4 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ემოციურ-ფსიქოლოგიური განწყობა არასათანადო ჰქონდათ და შედეგზე გავლენა ამანაც მოახდინა.
“დღევანდელი მატჩის შედეგი თავად იხილეთ, შედეგი ყველაფერზე მეტყველებს, პოზიტიურს ვერაფერს ვიტყვი. ძალიან გულდაწყვეტილი და უკმაყოფილო ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ ემოციურ-ფსიქოლოგიური განწყობა არასათანადო გვქონდა და შედეგზე გავლენა ამანაც მოახდინა.
დღევანდელი მატჩის დროს ქართველმა ფეხბურთელებმა დიდი სხვაობით გვაჯობეს. ჩვენი მატჩისწინა პროგნოზი და მოლოდინი არ გამართლდა. ისევ ხაზს გავუსამ, რომ ეს შედეგი ძალიან ცუდია და იმედს გამოვთქვამ, უკრაინის ნაკრებთან სხვანაირ შეხვედრას ვიხილავთ”.