ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა “ტელეგრამის” არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს რომ ის თავის ქალიშვილს, რესპუბლიკის კულტურის მინისტრს აიშატ კადიროვას სახლში სტუმრობს.
ჩანაწერში ჩანს, რომ ეზოში გაჩერებულია ყვითელი ლამბორჯინი, რაც აიშატის დეკლარაციაში ოფიციალურად მითითებული არ არის.
ასევე ცნობილი გახდა, რომ აიშატ კადიროვას წლიური შემოსავალი წინა წელთან შედარებით 50-ჯერ გაიზარდა და ახლა 44 მილიონ რუბლს შეადგენს. ამის შესახებ kavkazr.com წერს.
როგორ შეძლო აიშატ კადიროვამ 44 მილიონი რუბლის გამომუშავება, უცნობია.
2021 წლის მონაცემებით, ჩეჩნეთის კულტურის მინისტრს ასევე ჰქონდა სასახლე 1617 კვადრატული მეტრის ფართობით, ორი არასაცხოვრებელი ფართი და მთლიანი ქონების საერთო ღირებულება 50 მილიონ რუბლს შეადგენდა. აიშატის ქმრის ქონება, რომელიც ცოლის დაქვემდებარებაში მუშაობს, არ შეცვლილა.