„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, გორში გაკეთებულ განცხადებას და იმ რეაქციებს რაც აღნიშნულ გზავნილს მოჰყვა, რუსთავში გამოეხმაურა.
საუბარია, ომგამოვლილ ქალქში გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებაზე, სადაც ივანიშვილმა 2008 წლის ომზე საუბრისას თქვა, რომ “ბოდიში უნდა მოვიხადოთ”.
“ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მისი სიტყვები „ღალატად“ „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ მონათლა.
„როდესაც გორში ურთიერთგაგების და შერიგების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ომისა და ნგრევისა, ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, მათთვის სხვა მიზანი არ არსებობს…
ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საკითხი სწორედ ის საკვანძო თემაა, რომელმაც მთელი აგენტურა გავეშებული გამოდევნა უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ბუნაგებიდან. მათი რეაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დავალებული ჰქონდათ და აქვთ ერთადერთი რამ – საქართველო იყოს მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის. „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პირობებში, რადიკალურ ოპოზიციას ყველანაირი რესურსი გამოეცლება, საქართველოს გამთლიანებას ხელოვნური ბარიერი შეუქმნას და ქვეყანა მუდმივ კონფრონტაციაში ამყოფოს.
შეგახსენებთ, ბოდიშის დაანონსება არამარტო, ოპოზიციამ, არამედ ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა ღიად გააპროტესტეს.
ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები კი სოციალურ ქსელში პოსტებს ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებენ და გმირებს “დღევანდელი საქართველოსთვის და დაუფასებლობისთვის” ბოდიშს უხდიან.