საბჭოთა კავშირის ბევრი მოდელი (საეჭვოდ) ჰგავდა უცხოურ მოდელებს, რომლებიც წლებით ადრე იქნენ გამოშვებულნი. გადავხედოთ ისტორიას და ყველაზე მკაფიო მსგავსების მქონე ავტოები გავიხსენოთ:
ЗАЗ 965 – Fiat 600
1960 წელს ევროპულ ბაზარზე გამოდის და ფაქტიურად უმალვე იპყრობს ავტომოყვარულების გულებს იტალიელების Fiat 600. მანქანა გამოირჩეოდა კომპაქტურობით, ასევე წარმოების დაბალი ფასით. ზუსტად სიიაფე გახდა ამ მოდელზე გიჟური მოთხოვნილების განმსაზღვრელი, იმ დროის ომის შემდგომი პერიოდისთვის. და აი, 5 წლის შემდეგ, საბჭოეთში გამოდის ЗАЗ 965, რომელიც ფიატის ანალოგია და რომელმაც მოგვიანებით მეტსახელიც მიიღო – “კუზიანი ზაპოროჟეცი”.
ЗАЗ 966 – NSU PRINZ
1961 წელს ომის შემდგომი დასავლეთ გერმანია უშვებს ძალზედ იაფიან NSU PRINZ-ს, რომელსაც სიიაფის გარდა, საწვავის მცირე ხარჯითაც გამოირჩეოდა და სარემონტოდაც მარტივი იყო. 1966 წელს კი, ЗАЗ-ის კონვეიერიდან ჩამოდის ლამის სრული ანალოგი – ЗАЗ 966.
ГАЗ-21 Волга – Ford Mainline
1952 წელს ამერიკელები წარმოებაში უშვებენ Ford Mainline-ს, რომელმაც საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიხვეჭა ავტომოყვარულებს შორის. ერთი წელიც არ გასულა და საბჭოთა ავტოპრომი უშვებს ამერიკული ავტომობილის ლამის სრულ კოპიას, სახელდობრ ГАЗ 21 Волга. სასაცილო ისაა, რომ ოფიციალური ვერსიით, “ვოლგა” – სრულიად დამოუკიდებელი ავტომობილია.
ГАЗ-13 Чайка – Packard Patrician
1956 წელს ამერიკული ბრენდის კონვეიერიდან ჩამოდის Packard Patrician-ი. ბიზნეს-კლასის ეს ავტომობილი შეძლებული ხალხის გულებსა და ჯიბეებს უმიზნებდა. 1959 წელს კი, ГАЗ-ი მორიგ კლონს უშვებს, სახელგანთქმულ “Чайка”-ს, რომელიც ყველაფერთან ერთად, ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის ავტომობილი ხდება და მთავრობასთან ასოცირდება.
ЗИЛ-115 – Cadilac Fleetwood
1971 წელს დღის სინათლეზე გამოდის ელიტური და ვალიაჟური “კედდი” Fleetwood-ი, რომელიც ძალაუფლებასა და ფუფუნებას “ასხივებდა”, მისი საბჭოური ანალოგი კი, ЗИЛ-115 გახდა, რომელიც 1978 წელს გამოვიდა და საბჭოეთის უკანასკნელი ლიმუზინი გახდა.
Москвич-412 – OPEL Kadett B
გერმანელების OPEL Kadett B-იმ ვერ მოიხვეჭა სათანადო პოპულარობა ავტომობილისტებს შორის ევროპაში, რომელიც პირველად 1965 წელს აჩვენეს, მაგრამ ზუსტად ეს ავტო გახდა დიზაინის მამა საბჭოური Москвич-412-ისთვის, რომლის წარმოებაც 1967 წლიდან დაიწყო.
ВАЗ 2101 – Fiat 124
1966 წელს გამოშვებულ იქნა ლეგენდარული FIAT 124, რომელიც პირველი ВАЗ-ის პროტოტიპი გახდა და ამ შემთხვევაში ამ ორ კომპანიას შორის გარკვეული პარტნიორული შეთანხმებაც კი შედგა. რუსმა კონსტრუქტორებმა იტალიურ ავტოში რიგი ცვლილებები შეიტანეს, რათა “კოპეიკა” გაცილებით გამძლე და საიმედო გამხდარიყო რუსულ რეალიებში.
ВАЗ 2103 – Fiat 125
ორ კონცერნს შორის კოპირების მორიგ ეტაპად იქცა ВАЗ 2103 და Fiat 125.
Волга ГАЗ-24 – Plymouth Valiant
1963 წელს ამერიკელებმა პირველი Plymouth Valiant-ი გამოუშვეს. 6 წლის შემდგომ, ГАЗ-ი უშვებს ГАЗ-24 Волга-ს, რომელიც “პლიმუთის” კოპიაა. რუსები “ვოლგას” 1992 წლამდე ბეჭდავდნენ როგორც შეეძლოთ, რა დროსაც მისი პროტოტიპის გამოშვება 1966 წელს შეწყდა – კომპანიამ მიიჩნია, რომ იმ დროისთვის ავტომობილის დიზაინი უკვე მორალურად მოძველდა, მაგრამ რუსებს ეგ არ აღელვებდათ.
Москвич 2141 – Simca Chrysler 1308
Simca Chrysler 1308 პირველად პარიზის ავტოსალონზე აჩვენეს, შორეულ 1975 წელს. ამის შემდეგ, 1986 წელს, რუსული კონვეიერიდან ჩამოდის Москвич-2141, თანაც ისე, რომ საავტორო უფლებების დაცვა არავის აღელვებს. აღსანიშნავია, რომ Simca Chrysler 1308 წარმოების დაწყების 4 წლის შემდგომ მოიხსნა, მორალური სიძველის გამო.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე