მომავლის სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა გლობალური თანამშრომლობისა და მულტილატერალიზმის ძალის საჩვენებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “მომავლის სამიტზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად იმუშაოს.
”სამი წლის წინ, გაეროს გენერალურმა მდივანმა შემოგვთავაზა მომავლის სამიტის ჩატარება, რომლის მიზანი იყო გლობალური კონსენსუსის მიღწევა უკეთესი აწმყოსა და შემდგომი თაობებისთვის უფრო დაცული მომავლის შესაქმნელად. დღეს, ეს ხედვა რეალობად იქცა, რასაც მოწმობს ჩვენი დღევანდელი შეკრება, რათა აღვადგინოთ ნდობა და ვიპოვოთ გადაწყვეტილებები უკეთესი მომავლისთვის.
გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებამ აჩვენა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მხოლოდ 17%-ია მიღწეული, რაც ჩვენგან მეტ აქტიურობას მოითხოვს. ამ კონტექსტში, მომავლის სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა გლობალური თანამშრომლობისა და მულტილატერალიზმის ძალის საჩვენებლად. საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს ამ მიზნების მისაღწევად, რათა შესრულდეს 2030 წლის მიზნები.
მომავლის პაქტი გვაძლევს შანსს, სამიტის წარმატება მნიშვნელოვან ცვლილებებად ვაქციოთ, რაც მომავალ თაობებს უკეთეს მომავალს მოუტანს. ჩვენ მივესალმებით პაქტის დამტკიცებას და ველით მის სწრაფ განხორციელებას“, – განაცხადა კობახიძემ.
“მომავლის სამიტი” გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.