“ივანიშვილი წავა, ახალი ხალხი მოვა და ქვეყანას წავიყვანთ წინ, ევროპული ბედნიერებისკენ!”, – ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ამომრჩეველთან შეხვედრაზე საუბრობს.
კოალიციის შეკრება თავიდანვე, იმთავითვე იყო ჩემი პოლიტიკური ცხოვრების მთავარი ამოცანა და ერთობა. მე აღმოვჩნდი ხალხთან, ვინც მომწონს, ვისთან მუშაობაც მინდა და შემიძლია და ვისი იმედიც მაქვს. ხალხთან, ვინც ზუსტად ვიცი, რომ იმიტომ კი არ იბრძვის მხოლოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი გაუშვას, ეს აუცილებელი წინაპირობაა, მაგრამ არასაკმარისი. ჩვენ უნდა შევცვალოთ მიმართება მმართველობის ფორმების მიმართ. ჩვენ უნდა შევცვალოთ პოლიტიკური ელიტა, რომელმაც დაუშვა ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ, ბიძინა ივანიშვილები იარსებებენ ყოველთვის, მთავარია, რომ ისინი ვერ მოხვდნენ სახელმწიფოს სათავეში, მათ ვერ მართონ ჩვენი სამშობლო და ეს არის დამოკიდებული ჩვენზე, პოლიტიკოსებზე. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება ცვლილება. ცვლილება და არა ჩანაცვლება, როგორც ჩემმა მეგობრებმა თქვეს ჩემამდე.
მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს კოალიციას შემოუერთდა ორი ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური ადამიანი. პირველი – საჯარო მოხელე და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ ნანა არის ქალი ევროკავშირის დროშით, საჯარო მოხელე და ჩვენ აქედან მივმართავთ ყველა საჯარო მოხელეს, იმუშავეთ სამშობლოს საკეთილდღეოდ, ეს ქვეყანა თქვენია. თქვენ უნდა წაიყვანოთ ეს ქვეყანა წინ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ხელისუფლებაში! დღეს შემოგვიერთდა ივა ჭყონია – საშუალო ბიზნესის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე სიმბოლური წარმომადგენელი. მე მინდა ჩვენი კოალიციის სახელით მივმართო საშუალო ბიზნესს – თქვენ ხართ მთავარი მამოძრავებელი არამხოლოდ ეკონომიკის, არამედ ჩვენი სამშობლოს. ქვეყანა მიდის წინ, თუ ის დგას საშუალო ბიზნესის ბორბლებზე. დიდი ბიზნესი და სიღარიბე არ არის ქვეყნისთვის გამოსავალი. ერთიც და მეორეც წინსვლის გარანტია არ არის.
წინსვლის გარანტია მტკიცე, გამძლე და წარმატებული საშუალო ბიზნესი, რომელსაც არ ეშინია, რომელიც ვითარდება და არ არის დამოკიდებული ერთ კაცზე და მის კლანზე. საშუალო ბიზნესის პარტია არის “კოალიცია ცვლილებისთვის”. და დიახ, საშუალო ბიზნესს შეუძლია დაამარცხოს მხოლოდ სიღარიბე. სიღარიბე ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს. ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი ამას არ იმსახურებს. და რასაც არ იმსახურებს, ის აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. სიღარიბეს დავძლევთ საშუალო ბიზნესის განვითარებით და განათლებით, რაც მთავარია. განათლების გარეშე წინსვლა შეუძლებელია! მეტი განათლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ქართველებს! ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ეს გვჭირდება და ჩვენ ამას მივიღებთ!” – ამბობს ნიკა გვარამია.