დროების ინფორმაციით, ევროპული ბანკებიდან წამოღებული ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაერთიანებულ ემირატებში, კერძოდ დუბაიში მოქმედ საბანკო ანგარიშებზე განათავსა. ნაწილი კი ასევე დუბაიში მოქმედი სპეციალიზებული კომპანიების მეშვეობით, მათ შორის, როგორც ცნობილია, გასესხების ფორმალური მექანიზმების გამოყენებით, კრიპტოვალუტაში გადაიტანა.
დროების ცნობით, თბილისის მერი ივანიშვილის გარემოცვიდან ერთადერთი ფიგურა არ არის, რომელიც უკვე დაანონსებული, დასავლური სანქციებისგან თავის დაღწევის საშუალებებს, სწორედ, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ეძებს.
გასულ კვირას კალაძემ განაცხადა, რომ ევროპული და ამერიკული ბანკები “არასანდოა, ივანიშვილი გაძარცვეს” და ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ მანაც დროულად იზრუნა ფინანსების გადამისამართებაზე.
სპეციალისტების ინფორმაციით, მოსალოდნელი დასავლური სანქციების თავის არიდების სულ რამდენიმე სქემა ფუნქციონირებს და ძირითადად თურქეთის, ჩინეთის და არაბთა გაერთიანებული ემირატების ფარგლებში მუშაობს.
გასულ კვირას, კალაძის საჯარო დეკლარაციის ანალიზისას მედიამ აღმოაჩინა, რომ მას ევროპულ ბანკებში საკუთარი ანგარიშები დაუცარიელებია, რაღაც ნაწილი კი გაუსესხებია. გავრცელებული ინფორმაციით, მან 800 ათასი დოლარი უცნობ ფიზიკურ პირზე, ხოლო 4,2 მილიონი დოლარი ასევე ინკოგნიტო იურიდიულ პირზე გაასესხა.