ამომრჩეველს თეორიული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურების განხილვა არ აინტერესებს – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, „ძლიერი საქართველოს“ მხარდამჭერი გიორგი მარგველაშვილი არ ფიქრობს, რომ ახლა ამომრჩეველს აინტერესებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პოლიტიკური პარტიების კონსულტაციები პრემიერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ამის შესახებ  მეოთხე პრეზიდენტმა გაზეთ „ქრონიკა +“-ს  განუცხადა.  მარგველაშვილის თქმით, ამომრჩეველს, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“  ხელისუფლებიდან  მშვიდობით გასტუმრება აინტერესებს. რაც შეეხება ქართულ ქარტიას, მარგველაშვილი თვლის, რომ მან კარგი როლი შეასრულა პროდასავლური პარტიების კოორდინაციაში, ხოლო დანარჩენი საკითხები, რაზეც კონსულტაცია მიდის, კონსტიტუცია არეგულირებს.

„თავის დროზე ქარტიამ ძალიან კარგი როლი შეასრულა, იმ გაგებით, რომ მოახდინა  პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება, რაც შეეხება „ქარტიის“ დეტალებს, ვთვლი რომ ეს ნაკლებ საინტერესოა, რადგან კონსტიტუციით ყველაფერი  უკვე არის გაწერილი. მათ შორის ისიც, თუ  როგორ უნდა მოხდეს პრემიერის შერჩევა, დასახელება,  დამტკიცება და ასე შემდეგ…

ამომრჩეველს სჭირდება იმის გარანტია, რომ ეს ხელისუფლება, რომელმაც უღალატა საქართველოს, უღალატა ჩვენს გეოპოლიტიკურ კურსს და უღალატა თავის დაპირებებს, ნამდვილად „მშვიდობით“ გავუშვათ  არჩევნების გზით, რომ ის ვერ მოახერხებს არჩევნების მოპარვას,  რაც აქამდე არაერთხელ მოახერხა, რომ ამ  ხელისუფლების გაშვების შემდეგ საქართველო დაუბრუნდება თავის ისტორიულ ორბიტას – აი, ეს აინტერესებს ამომრჩეველს დღეს. ასე ვთვლი მე, როგორც პოლიტიკოსი და შესაბამისად, ჩემს  საქმიანობას ამას ვუკავშირებ და არა თეორიული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურების განხილვას“, – განუცხადა მარგველაშვილმა „ქრონიკა +“-ს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share