სამეგრელო ყოველთვის იყო და არის მოვლენების წინა ხაზზე. თუ პოლიტიკური ცვლილება ხდება საქართველოში, ეს იწყება სამეგრელოდან – ჩემო მეგრელებო, 26 ოქტომბერს ყველამ ერთად მოვინდომოთ და ერთი დიდი ეროვნული ზეიმი მოვაწყოთ, – ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ზუგდიდში, კოალიციის საარჩევნო პროგრამის წარდგენისას ამომრჩეველს.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „ძლიერი საქართველო“ ერთადერთი კოალიციაა, რომელსაც აქვს მკაფიო გეგმა და ზუსტად იცის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რა უნდა გაკეთდეს.
ამასთან, როგორც შეხვედრაზე ელისაშვილმა აღნიშნა, ის ბოდიშის მოხდას არავისთან აპირებს, „თუმცა ალბათ დადგება ივანიშვილი და ოთხოზორიას მკვლელებსაც მოუხდის ბოდიშს, გალელების ამწიოკებლებს, აფხაზეთიდან ქართველების გამომდევნებელსაც ბოდიშს მოუხდის“.
„ცხოვრებაში ერთხელ მქონდა ბედნიერება, მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია მენახა უნივერსიტეტის ბაღში. 10 წლის ვიყავი, ყველა მხრიდან ვცდილობდი ახლოს მისვლას, მაგრამ ხალხით იყო იქაურობა გადავსებული. ეს ის ორი ადამიანია, რომლებმაც ქართველების გულებში თავისუფლების ცეცხლი აანთეს და იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველო რუსეთის მონობაში კი არ ყოფილიყო, არამედ ყოფილიყო დამოუკიდებელი, თავი დაეღწია რუსეთის მორჩილებისგან, გამხდარიყო მდიდარი და ამაყი ქვეყანა. ორივე ამ იდეას შეეწირა, სიცოცხლეც გადადეს ამ იდეისთვის. ახლა, ეს მოღალატეები რომ მოასხდნენ ჩვენ ქვეყანას, საპირისპიროს გვეუბნებიან, რომ თურმე რაღაცა სისულელისთვის იბრძოდნენ ისინი და სინამდვილეში ჩვენ რუსეთის მონები უნდა ვიყოთ ისევ. ამას გვიბედავენ ეს მოღალატეები, გვიბედავენ, რომ ოკუპანტებსა და მტრებს, ჩვენი ხალხის მკვლელებს და მწამებლებს ბოდიშს უხდიან. ალბათ დადგება ივანიშვილი და ოთხოზორიას მკვლელებსაც მოუხდის ბოდიშს, ჩვენი გალელების ამწიოკებლებს, აფხაზეთიდან ქართველების გამომდევნებელსაც ბოდიშს მოუხდის. ყველამ აქეთ უნდა მოგვიხადოს ბოდიში, ჩვენი მტრებისთვის ბოდიშის მოხდას მე არ ვაპირებ. ოთხოზორიას მკვლელი აუცილებლად უნდა ჩაჯდეს ქართულ ციხეში და მთელი ცხოვრება იქ გაატაროს. ვინც გალელებს უწერს, რომ ქართული უცხო ენაა, ამის გამო უნდა მოიხადონ ბოდიში. იმათ რა ვედავოთ, სამედიცინო პროგრამა აქვს ოსებისა და აფხაზებისთვის ჩვენს ხელისუფლებას, ჩამოდიან და უფასოდ იღებენ მკურნალობას, მაგრამ ჩვენივე ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გალელ ქართველებს უფასოდ არ ემსახურებიან. ან ის აფხაზები რას იფიქრებენ, თქვენიანი არ გადარდებთ და ჩვენზე რანაირად იზრუნებთო არ იტყვიან? შერიგებაც მოხდება, მაგრამ ეს ორმხრივი ამბავი იქნება და არა ისე, რომ ვინმეს თავი დავუხაროთ.
მოდი, გავიხსენოთ აბა ვის დაგვირიგა გრძელვადიანი უფასო ფული ბიძინა ივანიშვილმა, ვინ ყიდულობს ბენზინს განახევრებული ფასებით? რამდენი ვართ დასაქმებული იმ 100 ქარხანაში, რომელსაც გვპირდებოდნენ? ან რომელ სოფელს დაახარჯეს ხუთი მილიონი დოლარი? ყველაფერი მოგვატყუეს. ქართული სოფლის აღორძინებას რომ შეგვპირდნენ, სად არის აღორძინებული სოფელი? გადახვეწილია მთელი საქართველო, რამდენს გვყავს ახლობლები ევროპაში რომ არიან და სხვის მოხუცებს უვლიან? პოლიტიკოსები იმისთვის ვართ, რომ ჩვენი ხალხი დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში, ისეთი ქვეყანა უნდა შევქმნათ, აქეთ უვლიდნენ სხვები ჩვენს მოხუცებს.
ანაკლიის პროექტი შენდებოდა სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე, დუღდა იქაურობა, ასობით ადამიანი იყო დასაქმებული, გააჩერეს და დატოვეს ეს ხალხი უმუშევარი, მიგდებული და გაპარტახებულია იქაურობა. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თუ არ გიყვარს, სახელმწიფო რომ ხარ შენ გააკეთე, გააცოცხლე ეს და სხვა პროექტები. ეს სიკეთე, პირველ რიგში, იქნება სამეგრელოსთვის, სამეგრელო რომ აყვავდება, ის აფხაზიცა და ოსიც შემოგხედავს ნერწყვიანი თვალებით და იტყვის, რა მაგრები ყოფილან, რა მაგარი ქვეყანა აუშენებიათო და მაშინ მოუნდება ჩვენთან შემოერთება.
200 000 სამუშაო ადგილი და 1000 ლარიანი პენსია არ არის მხოლოდ საარჩევნო დაპირება, ეს არის აბსოლუტურად რეალური და ამაზე დიდ ხანს ვიფიქრეთ. ჩვენ ვართ ერთადერთი კოალიცია, რომელიც მარტო იმას კი არ ვიძახით, რომ ესენი უნდა გავყაროთ, არამედ ზუსტად ვიცით ამათი გაშვების შემდეგ ნებისმიერი მიმართულებით როგორ უნდა წავიყვანოთ ეს ქვეყანა, რა უნდა გავაკეთოთ ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სოფლის მეურნეობის სფეროებში, რა უნდა გავაკეთოთ დევნილებისთვის, ჩემთვის უძვირფასესი ვეტერანებისთვის, რომ იგრძნონ სახელმწიფოსგან დაფასება და მადლიერება მათი თავდადების გამო.
მთავარი ახლა არის ის, რომ მაგრად მოვინდომოთ ყველამ, მივიდეთ არჩევნებზე და ერთი დიდი ეროვნული ზეიმი მოვაწყოთ 26 ოქტომბერს, ამათი სახლში გაშვებით. საქართველო გაიმარჯვებს 26 ოქტომბერს!“ – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.