მას ყველაზე თანამედროვე სასულიერო პირად მოიხსენიებენ, მის მრევლში ბევრი ცნობილი სახეა, ხალხში პოპულარობით სარგებლობს მისი ლექსები, გამონათქვამები, “ფეისბუქის” პოსტები…
წლებია, პეტრე კოლხი მედიაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სასულიერო პირია. ექვსი შვილის მამას თავისი განცხადებებით არაერთხელ ჩაუგდია შოკში საზოგადოება… ამჯერადაც ასეა – პეტრე კოლხმა ოჯახისგან მოშორებით, მარტო ცხოვრება არჩია და ერთაწმინდაში სახლი აიშენა… ამბობენ, რომ სასულიერო პირი ოჯახიდან წამოვიდა, ჩაიკეტა და საზოგადოებასთან ურთიერთობისგან თავს იკავებს, თუმცა სოციალურ ქსელში კვლავ ძველებურად აქტიურია.
რეალურად, რა ხდება დეკანოზის ცხოვრებაში და როგორია მისი ყოველდღიურობა მარტოობაში – ამაზე პეტრე კოლხი AMBEBI-სთან საუბრობს:
– ვერ ვხვდები რატომ გამოიწვია ასეთი ხმაური ჩემმა ერთაწმინდაში გადმოსახლებამ. ვფიქრობ, ყველა ნორმალური ადამიანი პერიოდულად გადის ქალაქიდან და ძალების აღსადგენად თავს აფარებს სოფელს. სოფელში დროებით თავის შეფარება და ბევრი რაღაცის გაანალიზება, ახალი ცხოვრების დაწყების საწინდარია.
ერთაწმინდაში მიწის ნაკვეთი მქონდა. შემდგომ მეგობრების და ძვირფასი ადამიანების დახმარებით მოვახერხე პატარა ქოხის ჩადგმა, სადაც თავი შევაფარე
ახლა ერთდროულად რამდენიმე წიგნზე ვმუშაობ. უნდა გამოვცე ტერენტი გრანელის აქამდე უცნობი ლექსები, ძალიან მიდგას მხარში ემიგრანტი ქალბატონი, რომლის სურვილიც იყო ეს. ასევე ვმუშაობ ჩემი ლექსების კრებულზე, და ერთ-ერთი ტაძრის ისტორიაზე, რომლის წყაროებიც მოვიძიე და შემდეგ წიგნად უნდა გამოვცე. ამ ყველაფერში მხარში მიდგას ერთაწმინდა, აქ ყველაზე მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს. ნებისმიერ ადამიანს თუ აქვს იმპროვიზაციის ნიჭი და წერა შეუძლია, საკუთარ თავს უნდა შეუქმნას მყუდრო გარემო, სადაც ბედნიერი იქნება.
– ასეთია თქვენთვის ერთაწმინდა?
– დიახ, ეს არის ჩემი პატარა სამოთხე მიწაზე, ღმერთმა ქნას იმ ქვეყანაშიც სამოთხის დამკვიდრება შემაძლებინოს უფალმა. ეს ადგილი უნდა იყოს ჩემი ფერისცვალების, სულიერი ბრძოლისა და საკუთარ თავთან შეხვედრის ადგილი.
გულდასაწყვეტია, როდესაც სხვისი ბედნიერების გამო ატყდება ხოლმე აჟიოტაჟი. შურით და ბოღმით არ უნდა გასკდე და ადამიანს ძმრად არ უნდა ამოადინო. ეს პირველ რიგში საკუთარი ცხოვრებისთვის არის ცუდი, ყველაფერს რასაც სხვას უსურვებ, უკან გიბრუნდება ბუმერანგივით. ჩემი დილის ლოცვა ასე იწყება: ღმერთო, კარგად ამყოფე ყველა ჩემს გარშემო და ის ადამიანებიც, ვისაც არ ვიცნობ.
ღმერთს შევთხოვ ვინც მმტრობს, მოკეთედ მომიბრუნდეს. ასე რომ იცხოვრონ ადამიანებმა, იქნებ მოხდეს სასწაული და მათი ცხოვრებაც სასიკეთოდ შეიცვალოს
გულდასაწყვეტია ასეთი დაპირისპირება, შუღლი და მტრობა, ამას გამოვექეცი ქალაქიდან, ამის გამო მქონდა პროტესტი. ვზივარ ახლა ბუხართან მყუდროდ, ვკითხულობ, ვლოცულობ ან ვწერ და ამით ხელი არავის ეშლება. გაზაფხულზე რამდენიმე წიგნის წარდგენას ვგეგმავ ჩემ სახლში, ეს იქნება საღამოები – “სტუმრად პეტრესთან”. შევიკრიბოთ და ვისაუბროთ პოეზიაზე, ღმერთსა და ლიტერატურაზე. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, როდესაც ადამიანი სიყვარულით მეგობრობის ხელს გიწვდის?! თუ ამისთვის მზად არ ხარ, ქვების სროლა მაინც არ უნდა დაიწყო. უფალი შეეწიოს ყველას…
– ერთაწმინდაში, თქვენს ახალ სახლთან ახლოსაა ტაძარი?
– დიახ, ერთი ხელის გაწვდენაზეა. ჩემი სახლიდან პირდაპირ ჩანს პატარა გამოქვაბულები, სადაც ოდესღაც ბერებს უცხოვრიათ. ქედს გადაღმა მოჩანს უფლისციხე, გვერდით ხოვლის მთები, ერთაწმინდის ტაძარი დამყურებს და თრიალეთის მთები, საოცარი გარემოა განმარტოებისთვის.
– მეზობლებზე მოგვიყევით…
– სასწაული ხალხია, უბრალო, თბილი და მოსიყვარულე ადამიანები. წუხელ დიდხანს ვმუშაობდი, დილას რომ გავიღვიძე, ვნახე, მოუთოვია. მოუმზადებელი ვიყავი, შეშა არ მქონდა. ვიწექი და მეზარებოდა გარეთ გასვლა, სიცივეში, არადა ბუხარი უნდა დამენთო. უცებ ვხედავ, მეზობლებს შეშა შემოუტანიათ და აივანზე დაულაგებიათ, მამა პეტრე არ გაიყინოსო. ამ ფაქტმა ისე გამათბო, კარგა ხანს გაშტერებული ვიდექი.
ასეთი ურთიერთობები გადაგვარჩენს და დაგვილოცავს ხვალინდელ დღეს. ბოღმიანი ადამიანი კი მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებს. თქვენი მეშვეობით მინდა ყველას სიკეთე, ბედნიერება წინსვლა და წარმატება ვუსურვო, საკუთარი წილი სულის სიმშვიდე ეპოვნოთ ამ სამყაროში.
– სტუმრები თუ მოდიან თქვენთან?
– სულიერი შვილები მოდიან, ასევე ჩემი ოჯახის წევრები. ახლა ქვათახევის მამები არიან სტუმრად, მოულოდნელად დამადგნენ თავზე და ძალიან გამახარეს. ბედნიერი ვარ, რომ სიყვარული ამ სამყაროში მაინც არის შემორჩენილი და ეს ხდება სოფლებსა და პერიფერიებში. დილას ჩემმა მეზობელმა თამრომ ლობიო მომიკითხა, პურიც გამომიცხვეს და შემომიტანეს. ნუ შეგვშურდება ერთმანეთის, ამის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია. არ აქვს აზრი მარხვას, ლოცვას, აღსარებას და ზიარებას, თუ გული ბოღმით გვაქვს სავსე.
– ეს თქვენი პასუხია, იმ ხალხის მისამართით, რომლებიც კრიტიკულ კომენტარებს გიწერენ?
– რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელში პასუხს არ ვცემ, განა იმიტომ რომ საპასუხო არ მაქვს, უბრალოდ დაბოღმილი ადამიანები უფრო შესაბრალისები არიან, ვიდრე გასაკიცხები, თორემ პირი თუ მოვაღე, არაგვი და მტკვარი ვერ გარეცხავს ვერავის. მაქსიმალურად ვცდილობ თავი ავარიდო აგრესიას. ჩემზე უკეთესად ცხოვრობს უამრავი ადამიანი და მათი უნდა შემშურდეს? სიხარულის ცრემლები მომდის, როდესაც ბედნიერ ადამიანს ვხედავ. კარს არის მომდგარი აღდგომის მარხვა, ხომ არ შეიძლება ამდენ შურსა და ბოროტებას ერთმანეთი გადავაყოლოთ?
– მამა პეტრე, ორაზროვანი იყო თქვენი მეუღლის პოსტი სოციალურ ქსელში, რამაც გააჩინა ეჭვი, ხომ არ წავიდა დეკანოზი ოჯახიდან?
– მე წამოვედი, იმიტომ კი არა, რომ გაბრაზებული ვარ, უბრალოდ დიდი ხანია წამოსვლა მინდოდა, არა ოჯახიდან, ზოგადად სიტუაციებიდან, გარემოდან, მეგობრებიდან.
აქტიური ცხოვრებით ვიცხოვრე და ზედმეტადაც ვიტვირთავდი თავს არაფრისმომცემი ურთიერთობებით. ამან ძალიან გადამღალა და იმ მდგომარეობამდე მიმიყვანა, ექვსი შვილის პატრონი მარტო ვცხოვრობ. შინაგანად ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა მომეძებნა საკუთარ თავში, რომ უბრალოდ ყალბად გამეღიმა, იმდენად გადაღლილი ვიყავი.
არავის თავს არ ვადარებ, მე ვარ მამა პეტრე, დადებითი და უარყოფითი მხარეებით, მაგრამ ჩემთვის სათაყვანებელი, უკარგესი მწერალი და ღირსეული ადამიანი, გურამ დოჩანაშვილი ალბათ უკვე ათი წელია სამების ტაძარში ატარებს დიდ დროს, პერიოდულად იქ ცხოვრობს. არ შეიძლება ყველაფრისგან დრამა შევქმნათ ადამიანებმა და მერე ამაზე ვიჭორაოთ… თუ რამე სათქმელია ამას ვერავინ დამასწრებს, ყველაფერს ვათავსებ ჩემს “ფეისბუქზე”.
– დიდი სამრევლო გყავთ მამაო…
– დიახ, უამრავი აღმსარებელი მყავს, სხვა მამების სულიერი შვილებიც, როდესაც საკუთარ მოძღვართან ვერ იხსნებიან, ჩემთან მოდიან და უამრავ თემაზე ვსაუბრობთ, კარს ვერავის მივუხურავ.
ახლა ორი გადაცემა მიმყავს რადიოთი, ხუთშაბათსა და პარასკევს, მალე ტელევიზიითაც გამოვჩნდები. ერთ-ერთი გადაცემა მე და ჯანდაცვის ექსპერტ გიორგი ფხაკაძის თანაავტორობით გადის რადიოში და ძალიან პოპულარულია რადიოსივრცეში. ხუთშაბათობით მარტოს მიმყავს გადაცემა “ფიქრები მამა პეტრესთან ერთად”. აქედან გამომდინარე, მაქვს იმის ლეგიტიმური უფლება, რომ ჩემს ოთახში შევიკეტო, კარი ჩავკეტო და ამოვისუნთქო.
ambebi.ge