”ყველა, ვისაც თვალნი აქვს და დანახვა შეუძლია, კარგად ხედავს იმ წარმატებებს, რომლებსაც ქვეყანამ ბოლო 12 წელიწადში მიაღწია. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს საძირკველი ჩაყრილია და კედლებიც ამოყვანილია.
დღეს ხალხისგან ხმას ითხოვს ოპოზიცია, რომლისგანაც პოლიტიკურად და ეკონომიკურად დანგრეული საქართველო ჩავიბარეთ. რაც არ უნდა გულში ჩაიხუტონ მათმა უცხოელმა მფარველებმა, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, როგორი საქართველო დატოვეს მათ 2012 წელს. სამმილიონნახევრიანი ქვეყანა, სადაც მილიონი ადამიანი უმუშევარი და ღარიბი იყო; ქვეყანა, რომელიც ეკონომიკური განვითარების ტემპით რეგიონშიც კი ჩამორჩენილი იყო; ქვეყანა, სადაც შექმნილი იყო ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც, ადამიანის წამებასა და ჩაგვრაზე იყო დაფუძნებული; ქვეყანა, რომელიც 2004 წელს ბეწვზე გადაურჩა ახალ ომს, 2008 წელს კი ომის ქარცეცხლში გახვიეს.
2012 წელს თქვენმა გადამწყვეტმა ხმამ ეს ყველაფერი შეცვალა და იმედი დაუბრუნა ქართველ ხალხს. ჩვენი ერთად დგომით შევძელით, რომ გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე, რის შედეგადაც თითქმის ნახევარმა მილიონმა ადამიანმა უკვე დაძლია სიღარიბე; ეკონომიკური ზრდის ტემპით არა თუ რეგიონში, ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე ვართ – გასამმაგებული ეკონომიკით, გასამმაგებული ბიუჯეტით, გასამმაგებული საშუალო ხელფასით. კანონის უზენაესობით, კორუფციის სიმცირით, ეკონომიკური თავისუფლებით ვართ არა მხოლოდ რეგიონის ნომერ პირველი სახელმწიფო, არამედ, ვუსწრებთ ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას და რიგ შემთხვევებში ევროკავშირის წევრებსაც კი. ”