“მზადება რუსეთისგან მომავალი გრძელვადიანი საფრთხეებისთვის” – სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს ანგარიშს ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია, სადაც საქართველო 49-ჯერ არის მოხსენიებული.
ჰელსინკის კომისია წერს, რომ “[საქართველოს] მთავრობა ღიად ანტიდასავლურია და ის სულ უფრო მეტად მეგობრული [ხდება] რუსეთის მიმართ, რასაც მოსახლეობა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება“.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ “საქართველოში ახლა რთული ვითარებაა“, რადგან ქვეყანა, წლების განმავლობაში, განიხილებოდა, როგორც პროდასავლური მტკიცე სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება სურდა: “თუმცა, ბოლო დროს, “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა ღიად ანტიდასავლური და არალიბერალური პოზიცია გამოაჩინა. ეს ცვლილება გამოჩნდა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების დარბევებით და მჭირდო კავშირებით რუსეთთან“.
ამასთან, ანგარიშში წერია, რომ ივანიშვილის გუნდის ანტიდასავლურმა ქმედებებმა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის განხეთქილება გამოიწვია.
”ამასობაში, საქართველოში, “ქართული ოცნების” მთავრობამ ახლახან მიიღო ღიად არალიბერალური და პრორუსული კანონი, რომელიც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ სურვილებს ეწინააღმდეგება”, – წერს კომისია.
ანგარიშში ჰელსინკის კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
”საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, ასევე, მზარდმა არალიბერალურმა საშინაო პოლიტიკამ გამოიწვია შეშფოთება ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში… შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს ორმაგი სტრატეგია, რომელიც მოიცავს ორივეს: საქართველოს მთავრობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას დემოკრატიულ უკანდახევაზე და დასავლურ ინსტიტუტებთან ღრმა ინტეგრაციის მექანიზმების უზრუნველყოფაზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.