NYT: სადავო არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი ემუქრება

სადავო არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი ემუქრება – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას New York Times.

გავლენიანი გამოცემა წერს, რომ საქართველო პოლიტიკურ კრიზისში ჩაეშვა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს, პროდასავლური ოპოზიცია კი შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ახალი პარლამენტის ბოიკოტით იმუქრება.

„კრიზისი, როგორც ჩანს, კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს დასავლეთისგან, მაშინ, როცა ევროპელი დამკვირვებლები აკრიტიკებენ იმას, თუ რანაირად ჩატარდა არჩევნები,“ – წერს New York Times-ი.

NYT -ის თანახმად, „ქართული ოცნება“ საქართველოს სულ უფრო მეტად აშორებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კურსს, ოპოზიცია კი ცდილობს, რომ ქვეყანამ ეს პროდასავლური კურსი შეინარჩუნოს.

გამოცემა მთავარ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გუშინდელი არჩევნები კიდევ უფრო მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს „ქართულ ოცნებასა“ და ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის.

სტატიაში მოყვანილია არჩევნებზე დაკვირვების ევროპული ქსელის ხელმძღვანელის, ზლატკო ვუიოვიჩის სიტყვები, რომლის თქმითაც, საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები „არ იყო კარგი“.

„ის არ ჩატარდა სათანადოდ, ისე, როგორც უნდა ველოდეთ ქვეყნისგან, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს,“ იმოწმებს New York Times-ი ვუიოვიჩს.

  • სადამკვირვებლო ქსელის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მნიშვნელოვან დარღვევათა შორის იყო ოპოზიციის წევრთა მიმართ ძალადობა, ამომრჩეველთა დაშინება, დამკვირვებელთა წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიები და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება ფართო მასშტაბით.

გაზეთი წერს, რომ ოთხი ძირითადი ოპოზიციური ჯგუფიდან, რომლებმაც გადალახეს 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, არცერთი არ აღიარებს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და მინიმუმ ორმა განაცხადა, რომ არ შევა პარლამენტში, „რაც გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის პირობებს ქმნის“. 

გამოცემა შენიშნავს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს მაღალი შეფასება მისცეს რუსეთის კანონმდებლებმა და ოფიციალურმა პირებმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share