ანგარიში: კურსის ცვლილებამდე, ევროკომისია მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს

ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაციას არ გასცემს.

ეს ცნობილი გახდა დღეს, მას შემდეგ რაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გაფართოების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

პრეზენტაციის შემდეგ, ამაზე ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმაც და თქვა, რომ “მთავრობის კურსის გამო, EU-ის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს”.

გაფართოების ანგარიშში შეფასებულია კომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების პროგრესი, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო, გადავიდოდა თუ არა საქართველო ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე.

ანგარიშის თანახმად:

ევროკავშირი კვლავ ერთგულია საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებაზე ქართველი ხალხის უმეტესობის სურვილის შესაბამისად. თუ საქართველო არ შემოატრიალებს ამჟამინდელი მოქმედებების კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის EU-სკენ მიმავალ გზას, და არ აჩვენებს არსებულ პრობლემებთან და საკვანძო რეფორმებთან დაკავშირებით კონკრეტულ ძალისხმევას, კომისია ვერ გასცემს რეკომენდაციას საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასა და შესაბამის განცხადებებთან დაბალია – 49%.

საქართველო არ შეუერთდა რუსეთთან, ირანთან და ბელარუსთან შემზღუდველ ზომებს. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა რუსეთთან სხვადასხვა მიმართულებით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ქვეყანას მიენიჭა 9 შესასრულებელი რეკომენდაცია. ამ კონტექსტში საუბარია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე – რუსული და ანტი-ლგბტ კანონების მიღებაზე და აღნიშნულია, რომ “ეს არ ასახავს მთავრობის დეკლარირებულ ერთგულებას ევროკავშირის გზაზე”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share