პოლიტიკური ფონდის – “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარე, ზაზა ბიბილაშვილი ივანიშვილის გუნდს “რუსულ ჭუჭყს” უწოდებს და “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” დანაშაულებრივ ქმედებას სჩადის, რომლითაც მოსახლეობას “ქართველობას პარავს“.
ზაზა ბიბილაშვილი დარწმუნებულია, რომ საზოგადოება საკუთარი ევროპული არჩევანის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს, რადგან მისივე განმარტებით, საქართველოს ბედი სწორედ მათ ხელშია.
”მე არ მაქვს არანაირი მოლოდინი გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენი მომავალი, ჩვენი ბედი, ჩვენი ქვეყნის ბედი არის ჩვენს ხელში. არ არსებობს მოლოდინი, ობიექტური მომავალი, რომელსაც ჩვენ შეიძლება განვჭვრეტდეთ ან ველოდეთ. ეს არის დამოკიდებული პირდაპირ და უშუალოდ იმაზე, რასაც გავაკეთებთ ჩვენ დღეს, ხვალ, ზეგ და უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში. არ არის ენის მოჩლექის დრო, არ არის თავის მოკატუნების დრო, არ არის მიამიტობის დრო. უნდა ვიცოდეთ ვისთან და რასთან გვაქვს საქმე, ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. დღეს წყდება საქართველოს ბედი შემდეგი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. რამდენიმე კვირა გადაწყვეტს როგორ იცხოვრებს საქართველო მომდევნო 30 წლის განმავლობაში. უნდა გადავწყვიტოთ, ვიქნებით ამ რუსული ჭუჭყის ხელში, რომელმაც ტყავი მოირგო და გვაპარავს ქართველობას”, – ამბობს ზაზა ბიბილაშვილი.