ორგანიზაცია “აირჩიე ევროპა” თანადამფუძნებელი, ხათუნა ლაგაზიძე “ტვ პირველის” ეთერში პროკურატურის მიერ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს რუსულ დავალებად აფასებს.
მესამე სექტორის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურაში დიმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებული მოწოდების შემდეგ დაიბარეს, რაც უღირსი საქციელია.
”როგორ შეძლება ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, რომელიც მზად არის მძევლად მიგვაროს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთს იმპერატორს. სად ვართ, შუა საუკუნეებში ვართ? ეს არის ქართული ღირსება, გეკითხებით?. სულ რომ არ მოგწონდეთ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს, ეს სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილებაა? მედვედევის დაძახილზე პროკურატურაში იძახებდნენ თქვენი ქვეყნის პრეზიდენტს, ღირსებაა ეს?, რომელ ღირსებაზე და სუვერენიტეტზე მელაპარაკებით. თუ არ ანაღვლებთ პრეზიდენტი, სუვერენიტეტი და ღირსება, საკუთარი ტყავი ხომ განაღვლებთ, რომლისთვისაც გაცუხცუხდით და ხმა მიეცით ”ოცნებას”, ხო და საკუთარი ტყავიც ვერ გექნებათ დაცული იმ ქვეყანაში, სადაც რუსეთი ბედავს და რუსეთის დავალებით საქართველოს ხელისუფლება საქართველოს პრეზიდენტს პროკურატურაში იბარებს”, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ირკვევა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.
ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს მიმართა.
შეგახსენებთ, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სალომე ზურაბიშვილის დაკავება მოითხოვა.