ნიკა მელიას ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ

დღეს, 17:00 საათზე, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ, სხვადასხვა მარშრუტით, მსვლელობას მოაწყობენ. ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან 3 ოპოზიციური გაერთიანების საერთო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქართული ოპოზიციაა გამარჯვებული, ამ გამარჯვებულ ოპოზიციას ქართული საზოგადოება უჭერს მხარს.

„მომდევნო დღეებში ძალიან ბევრი ღონისძიება გაიმართება ყოველდღიურად თბილისში, მაგრამ დღეს 17:00 საათზე, ვაგზლის მოედნიდან, პოლიტიკური პარტიის ლიდერები რუსთაველის გამზირისკენ სხვადასხვა მარშრუტით გავემართებით. მეტროსადგურის ამოსასვლელთან შევიკრიბებით და პოლიტიკური ლიდერები ვიქნებით იქ, სადაც დასაცავია ღირსება და სიმართლე.

„ქართულ ოცნებაში“ ნურავის ექნება ილუზია, რომ თუნდაც ერთი ადამიანი ხელს ჩამოუშვებს. ქართულმა ოპოზიციამ მილიონზე მეტო ხმა აიღო. დღეს ქართული ოპოზიციაა გამარჯვებული, ამ გამარჯვებულ ოპოზიციას ქართული საზოგადოება უჭერს მხარს. შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც ადეკვატურად იქნება მიღებული“, – განაცხადა მელიამ.

ინფორმაციისთვის, დღეს 19:00 საათზე სამ პოლიტიკურ გაერთიანებას: “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქვს აქცია.

როგორც ცნობილია, სწორედ დღევანდელ აქციაზე ოპოზიციის სამოქმედო გეგმას წარადგენენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share