ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებითი 4 მილიარდი ევროს გადაცემა დაამტკიცა

ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებითი 4 მილიარდი ევროს გადაცემა დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებენ.

აღინიშნება, რომ 4.1 მილიარდი ევრო კიევს Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში გადაეცემა და ქვეყნის მაკროფინანსურ სტაბილურობასა და საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირებას დაეხმარება.

უკრაინამ ოქტომბერში შეიტანა განაცხადი Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში მეორე დაფინანსებისთვის. ევროკომისიამ, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ კიევმა ამ დაფინანსებისთვის დამაკმაყოფილებლად შეასრულა ცხრა შეთანხმებული რეფორმა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კორუფციასთან ბრძოლა, ბიზნეს გარემო, შრომის ბაზარი, რეგიონული პოლიტიკა, ენერგეტიკის ბაზრობა და გარემოს დაცვა.

“ევროკომისიის მიერ უკრაინის 4.1 მილიარდი ევროს დაფინანსების მოთხოვნის პოზიტიური შეფასება კიდევ ერთი დასტურია უკრაინისადმი ევროპის მტკიცე ერთგულებისა, და ქვეყნის მიერ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაში, რათა წინ წაიწიოს ევროკავშირის გზაზე, როდესაც სასტიკ ომში იბრძვის”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share