აბსოლუტურად მთელი სახელმწიფო გახდა ერთი პარტია – ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს სახელმწიფო რუსეთის მსგავსად გახდა ერთი პარტია და პრეზიდენტისგან არის მოთხოვნა, რომ იყოს სრულად დამოკიდებული.

ამის შესახებ პრეზიდენტმა მთავარი არხის წამყვანთან, გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

“მოთხოვნა პრეზიდენტისგან არის ის, რომ იყოს სრულად დამოკიდებული, როგორიც არის ანტიკორუფციული სააგენტო, როგორიც არის პროკურატურა, როგორიც არის ცენტრალური ბანკი, ყველა სარეგულაციო კომიტეტი […] აბსოლუტურად მთელი სახელმწიფო გახდა ერთი პარტია და ერთი პარტია ერთი ვერტიკალის ქვეშ. ამას რა ჰქვია? რუსეთი”. – თქვა ზურაბიშვილმა. 

ამასთან, ზურაბიშვილმა თქვა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან მის წინააღმდეგ ანტიკონსტიტუციურობის შესახებ ბრალდებების მიუხედავად, ახლანდელ მოცემულობაში “ყველა უფლება არის უკვე დარღვეული”. მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში ქვეყანა, სავარაუდოდ, იზოლაციაში აღმოჩნდება.

“ყველა უფლება არის უკვე დარღვეული, აიღეთ კონსტიტუცია და წაიკითხეთ, მე მაბრალებენ, რომ კონსტიტუციას არღვევსო, ყველა ის ძირითადი უფლება, რითაც თავი მოჰქონდა კობახიძეს, რომ მე დავწერე ეს კონსტიტუციაო […] ყველა უფლება დღითიდღე ირღვევა, თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი შეკრების, უნივერსიტეტის დამოუკიდებლობა, რექტორი გახდა სრულყოფილად მათი დაქვემდებარებული, პოლიცია შედის უნივერსიტეტში. ამ ქვეყნის მიმართ, როგორ გგონიათ, იქნება უცხოეთის აღიარება? არ მოხვდება ეს ქვეყანა იზოლაციაში?” – თქვა ზურაბიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share