35 ქვეყნის სპორტის სამინისტროების ხელმძღვანელებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შესახებაა საუბარი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან კიდევ უფრო ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ. სამწუხარო ისაა, რომ განცხადების ხელმომწერთა შორის საქართველო არ ფიგურირებს.
“ჩვენ მხედველობაში მივიღეთ სოკ-ის მიერ 28 მარტს გავრცელებული ინფორმაცია, რაც რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური ათლეტების რანგში ასპარეზობის დაშვებას ითვალისწინებს. ამის ფონზე ვამტკიცებთ, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება, უკრაინაში ბარბაროსული და არაპროვოცირებული შეჭრა სპორტული თემებით გადაფაროს, ბელარუსს კი იგივე შეზღუდვები იმიტომ ეკუთვნის, რომ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში აშკარა მხარეა.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი პოზიცია არანაირად არ არის სპორტსმენების დისკრიმინაცია მათი პასპორტების გამო. არსებულ სიტუაციაში რუს და ბელარუს სპორტსმენებს საკუთარი ქვეყნების წარდგენის უფლება არ უნდა მიეცეთ. სოკ-ს სწორედ ამგვარი რეკომენდაცია ჰქონდა და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რათა რაიმე გადახვევა არ მოხდეს. თუკი ამგვარი პრეცედენტები გაჩნდა, იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შესაბამისი რეაქცია ექნება”.
აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ ალბანეთის, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს წარმომადგენლები.