დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობს – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთი საქართველოში შიდა კონფლიქტის გაღვივებას ხელს უწყობს და ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობს. რუსული სამთავრობო არხის, ТАСС-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლავროვმა დსთ-ს ქვეყნების უსაფრთხოების და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელთა რიგით მე-20 შეხვედრაზე ისაუბრა.

“კოლექტიური დასავლეთი პროვოცირებს შიდა კონფლიქტებს, დაძაბულობის კერებს და არც სხვადასხვა ბინძურ გეოპოლიტიკურ ტექნოლოგიებს უგულებელყოფს – დაწყებული ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომებით, დამთავრებული პირდაპირ ფერადი რევოლუციების ორგანიზებით, როგორც ახლა ამას საქართველოში ცდილობენ” – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ТАСС-ის ცნობით,  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ “დასავლეთი გლობალური სამხრეთისა და გლობალური აღმოსავლეთის ქვეყნებში შიდაპოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის აქტიურად იყენებს არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ქსელს”.

“საქმე იქამდე მივიდა, რომ დასავლეთის ქვეყნები თავიანთი დესტრუქციული გეოპოლიტიკური გეგმის განსახორციელებლად, მათ შორის დსთ-ს წევრ ქვეყნებში, ექსტრემისტულ ძალებს მიმართავენ”.- თქვა ლავროვმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share