“ქართულმა ოცნებამ” და მისმა საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის – მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ამ თემის შესახებ ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ”კვირის პალიტრასთან” საუბრობს:
რატომ შეარჩიეს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი?
– ეს პოლიტიკური შოკია! ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვები აზრს კარგავს. რა უნდა ვთქვა? ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების ერთადერთი ნიშანი მისი ივანიშვილისადმი ერთგულებაა. როგორც ჩანს, ივანიშვილს ამჯერად მაინც ეყოლება ერთგული და უღალატო პრეზიდენტი.
– რაც შეეხება სხვა თემებს. 25 ნოემბრის საპროტესტო აქციამ ოპოზიციის ბევრ მომხრეს გაუცრუა იმედი...
– სამწუხარო რეალობა დადგა. არჩევნების შედეგმა ოპოზიციური ელექტორატის იმედგაცრუება უკვე გამოიწვია. ამას მოჰყვა ის, რომ 25 ნოემბერს ხალხი აღარ გამოვიდა. პირადად მე პარლამენტში შევარდნას – არა, მაგრამ ხალხმრავალ აქციებს ნამდვილად ველოდი… ის, რაც დღეს ხდება, მოულოდნელია არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატისთვის, არამედ – სრულიად ქართველი საზოგადოებისთვის. ხელისუფლებაც კი უფრო დიდი პროტესტისთვის იყო მზად. ამას მეტყველებდა პარლამენტის შენობის გარშემო კონცენტრირებული ძალოვანი უწყების წარმომადგენლების რაოდენობა.
– თქვენი ვერსიით, რატომ არ გამოვიდა ხალხი ქუჩაში?
– არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დღის წესრიგში დადგა საკითხი, თუ რა უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას და როგორ უნდა გაგრძელებულიყო პროტესტი, თუმცა ოთხმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიამ, არათუ გეგმა ვერ დადეს, ოპოზიციური ელექტორატის მართვაც ვერ მოახერხეს. არადა ამას ბევრი არაფერი უნდოდა, ერთი საკოორდინაციო ცენტრიც საკმარისი იქნებოდა ამისთვის. საკოორდინაციო ცენტრიც ვერ შექმნეს. ამას მოჰყვა ის, რომ ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა, სხვადასხვა შინაარსის განცხადებების გაკეთება დაიწყეს.
მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილმა ძალებმა ეროვნულ დაუმორჩილებლობაზე დაიწყეს საუბარი, მაგრამ არავის განუმარტავს, როგორ უნდა უზრუნველყონ ეს დაუმორჩილებლობა. ამ ყველაფერმა გაურკვეველი ვითარება შექმნა და იმის მაგივრად, რომ არჩევნების შემდეგ საპროტესტო მუხტი მიგვეღო, სხვა რამ მოხდა.
პროტესტი საერთოდ მინავლდა. ყველაფერს ართულებს ის ამბავი, რომ ოპოზიცია გულწრფელი არ არის.
– რას გულისხმობთ ?
– მათ შექმნეს ყალბი მოლოდინები. მე ისედაც ვიცოდი, რომ საზოგადოება 2003 წლის მოვლენების განვითარებისთვის მზად არ იყო, მაგრამ ქუჩაში მასშტაბური მიტინგების გამართავის მოლოდინი კი ნამდვილად მქონდა. სამწუხაროდ, ოპოზიციამ ესეც კი ვერ შეძლო. ცესკოს დათვლით, ოპოზიციას 800 000 მხარდამჭერი ჰყავს – აქედან 10% მაინც უნდა ყოფილიყო აქტიური მხარდამჭერი. ეს 10% 80 000 კაცია. ამათი გამოყვანაც კი ვერ შეძლეს.
ამის მიზეზი ის არის, რომ ოპოზიციურ პარტიებში რაღაც, გაუგებარი თამაშები მიმდინარეობს.
თუ ოპოზიცია ისევ გააგრძელებს ამ გაურკვეველ თამაშებს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდებით. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია – შეიქმნება განწყობა, რომ საპროტესტო ღონისძიება ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის ერთიანი ძალისხმევით ტარდება, მერე აღმოჩნდება, რომ მესამე მათთან არ არის. როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ოთხი პოლიტიკური ორგანიზაცია ატარებს ღონისძებას, ამას ემატება არასამთავრობო სექტორიც და მაინც ვერ ხერხდება კრიტიკული მასის შეკრება, ეს უკვე ძალიან სერიოზული პრობლემაა.
– ბრძოლის გაგრძელების და ნდობის დაბრუნების რა რესურსი აქვს ახლა ოპოზიციას?
– შეიძლება ითქვას, რომ ერთი რაუნდი დასრულებულია, ხელისუფლების სასარგებლოდ. ახლა ოპოზიციის მხრიდან პოზიციური პრძოლების დაწყებაა საჭირო. ახლა მაინც უნდა მოხდეს ოპოზიციური პარტიების დიფერენცირება. თუ ერთმანეთთან შეთანხმებას ვერ ახერხებენ, ის მაინც უნდა თქვან, ვინ რა ღონისძიებას ატარებს და ვინ მონაწილეობს ამაში. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას არ ჰქონდეს განცდა, რომ მთლიანი ოპოზიციური სპექტრი ვერ ახერხებს კრიტიკული რაოდენობის გამოყვანას ქუჩაში.
ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება ოპოზიციას იმისთვის, რომ ხალხის ნდობა დაიბრუნოს.
მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა, პირველ რიგში, დასავლელ პარტნიორებთან მუშაობა უნდა გაააქტიურონ და ამჯერად მაინც შეცვალონ სტრატეგია და შეცდომები შეცდომებზე არ დაუშვან. შეიძლება, თებერვლიდან ისევ გააქტიურდეს პროცესი, ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.