დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში აქციის დროს საპოლიციო ძალების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებას ეხმიანება:
“დანია შეშფოთებულია საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. დანია მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით. მათი დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს,” – წერია განცხადებაში.
30 ნოემბრის დილა, 06:15 საათი – გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ – “ხარებას”, ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო – “რუსთაველიდან” და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.