რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანების პროტესტი გრძელდება. სოციალურ ქსელში სპეცრაზმელების ქმედებას ემოციურად გამოეხმაურა აქციის არაერთი მონაწილე და მათ შორის ანანო სარჯველაძე. მას შემდეგ, რაც მის ოჯახს თავს დაატყდა დიდი უბედურება, არ უკვირს სპეცრაზმელების ასეთი სისასტიკე. ანანოს მამა ლანჩხუთში ამ ზაფხულს სასტიკი წამებით ყოფილმა სპეცრაზმელმა მოკლა.
“მამაჩემი არ მომკვდარა, მამაჩემი სასტიკი წამებით მოკლეს. …. გათიშა, დააბა და წამებით მოკლა სრულიად უდანაშაულო, უჯანმრთელესი მამაჩემი ვინ? სპეცრაზმელმა, რომელსაც დაუდგინდა შიზოფრენია და 4 წლით გადაიყვანეს ფსიქიატრიულში. სასამართლოც კი არ ჩატარებულა. არ მინდა იმის წარმოდგენა, ამ 4 წლის მერე რომ გამოვა, რა თქმა უნდა ისევ შიზოიდი, მერე რას ჩაიდენს. აი ეს არის ქვეყნის სახე, ყველა იქ მდგომი პოლიციელი, სპეცრაზმელი, რობოკოპი პოტენციური მკვლელია, ყველა არის მკვლელი და ყველაფერს იზამენ ბოლომდე რომ მიუშვა, ჯალათები და ფსიქიურად მოშლილები…… დაბმული კაცის ცემით სიკვდილზე არიან წამსვლელები ეს არაკაცები… მთელი ცხოვრება საქართველოსთვის იბრძოდა მამაჩემი, ჰოდა, ახლა მე შევენაცვლები… … აქამდე ჩუმად ვიყავი, ვგლოვობდი, არც არასოდეს ვაპირებდი ჩემი უდიდესი სევდის და ტრაგედიის გასაჯაროებას, მაგრამ მათ ყოველ დანახვაზე სხეულის ყველა უჯრედი მტკივა, როგორც მამაჩემს სტკიოდა…. დღეს ჩემი უსაყვარლესი მამის დაბადების დღეა…. გილოცავ მააა… მიყვარხარ…. გპირდები, რომ შენს ყველაზე საყვარელ საქართველოში ეს ჯოჯოხეთი მალე დასრულდება….”- დაწერა მან ფეისბუქზე.
შემზარავი დანაშაული 8 აგვისტოს ლანჩხუთში, სარჯველაძეების ფერმაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, იმ საბედისწერო დღეს თემურ სარჯველაძეს მისი თანაკლასელის შვილი დავით ტუღუში სასტიკად გაუსწორდა და წამებით მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის დაკავება ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1958 წელს დაბადებულ თემურ სარჯველაძეს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, სასტიკად აწამა და მიყენებული დაზიანების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. ადგილობრივები თავიდანვე ამბობდნენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელი იყო, რომელსაც მკვლელობამდე მოკლული თემურ სარჯველაძე სახლში გაუმასპინძლდა და ამის შემდეგ არაფხიზელმა ბრალდებულმა მას ჯერ ხელ-ფეხი შეუკრა, ფიზიკურად გაუსწორდა და მერე ე.წ სპიცით წამებით მოკლა.