“ვინც ზელენსკის და უკრაინელებს ჰკიცხავთ და რუსეთს გამარჯვებას უსურვებთ, თუნდაც ხმამაღლა არა, ჩუმად, საცხა გულის სიღრმეში, თქვენი ადგილი პუტინის უკანალშია და გისურვებთ მალე იქ მოხვედრას. სიკვდილი, კილავ რუსეთს!” _ წერს სოციალურ ქსელში ცნობილი ლანჩხუთელი კინორეჟისორი და მკვლევარი ირაკლი მახარაძე.
გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ჯერ არ გამოსული წიგნიდან _ “ლანჩხუთი და ლანჩხუთელები”, რომელშიც ზუსტად 100 წლის წინანდელი ამბებია მოყოლილი:
_ გასაბჭოების ერთი წლის თავზე, საქართველოში ფართო ხასიათი მიიღო მოსწავლე-ახალგაზრდობის მიერ საპროტესტო გამოსვლებმა ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ. 1922 წლის თებერვლის საპროტესტო დემონსტრაციას იგონებს ამ პროცესის უშუალო მონაწილე სერგო ჩხაიძე:
“1922 წლის 25 თებერვალს, როცა მე ახალდაარსებულ “აგურის კლასის”’ მოსწავლე ვიყავი, ამ სკოლის უფროსკლასელების მიერ გადაწყდა საპროტესტო დემონსტრაციის ჩატარება დილით, სწავლის დაწყებამდე. ეს მოძრაობა და ფუსფუსი არ გამოპარვია მე-6 კლასელ კომკავშირელ გ. გოგიჩაიშვილს, რომელმაც რევკომში დაასმინა მოსწავლეები. ახალგაზრდები სამფეროვანი დროშებითა და მენშევიკური მთავრობის წარმომადგენელთა სურათებით ხელში გარეთ გამოვედით და დავიძერით ქალაქისაკენ.
ამ დროს მოგვისწრო რევკომიდან სასწრაფოდ შეკრებილმა ბოლშევიკებმა და თოფების სროლით გვაიძულეს, არ დავძრულიყავით ადგილებიდან. ბოლოს გადაწყვიტეს “აგურის სკოლიდან” “გოროდის სკოლამდე” მივეყვანეთ და იქ დავემწყვდიეთ.
მივყავდით ალყაშემორტყმული. დემონსტრანტებს გზადაგზა დაგვიანებული მოწაფეები გვემატებოდნენ, უფროსკლასელები ქართულ ჰიმნს მღეროდნენ. როცა “გოროდის კლასს” მივუახლოვდით, გაისმა სროლის ხმა. ერთ-ერთმა ვინტოვკით შეიარაღებულმა ამოირჩია უკანა რიგში მდგომი ყველაზე მაღალი მოწაფე შუხუთელი კობალავა და სასიკვდილო დამიზნებით თავის არეში განგმირა. ატყდა კივილ-წივილი. დაშინებული მოწაფეები სკოლის ოთახში დაგვამწყვდიეს. ნაშუადღევს ლანჩხუთის რკინიგზის სადგურში შემოიყვანეს ჯავშნოსანი მატარებლის რუსული ეკიპაჟი. სკოლის ორივე მხარეს დადგეს მძიმე ტყვიამფრქვევი, რომლითაც უნდა განეხორციელებინათ გასროლები. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა გასცა გასროლის ნებართვა.
ამ დროს რევკომის თავმჯდომარე კონსტანტინე ცინცაძე მივარდა მეტყვიამფრქვევეს და ხვეწნა-მუდარა დაუწყო, ნუ დამიხოცავ ბავშვებს, ნუ დამღუპავ, აწი არ გააკეთებენ არაფერს ცუდსო.
ჩამოვარდა სიჩუმე… მოწაფეებს ყველაფერი გაპატიეს, ახლა ხელჩაკიდებული უკანმოუხედავად გაიქეცით სახლებშიო. ბავშვები ფერდაკარგულები და დაზაფრულები გავიქეცით სახლებისკენ. უფროსკლასელები და რამდენიმე მასწავლებელი დააპატიმრეს.
1922 წელს “აგურის კლასს” კურსდამთავრებულები არ ჰყოლია, რადგან ყველა უფროსკლასელი დაპატიმრებული იყო”’.
გურია თუდეი