თელმიკოს კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა თეა ნოზაძემ იმედზე განმარტა, “რატომ უჩნდება მოსახლეობას დენის ტარიფის ზრდის განცდა”.
მისი მტკიცებით, დენის ტარიფი არ გაზრდილა.
“არის ერთი შემთხვევა, როდესაც ჰგონიათ, რომ ტარიფი გაიზარდა, რეალურად გვიკავშირდებიან და ვუხსნით, რომ [დეკემბერში] თანხა არ გაქვთ გადახდილი და ამან გამოიწვია, თორემ თვიური მოხმარება არ გაზრდილა. და არის კიდევ მეორე მომენტიც, როდესაც მომხმარებლების რაღაც რაოდენობას აქვს [ტარიფის ზრდის] შეგრძნება. ჩვენ შემოვედით ბაზარზე 2021 წლის 1 ივლისიდან, აქედან მოყოლებული ტარიფის ზრდის ცვლილება არ მომხდარა, მაგრამ 1 წლის განმავლობაში მთავრობა ტარიფთა შორის სხვაობის სუბსიდირებას ახდენდა, რომელიც იანვრიდან აღარაა და ესეც ქმნის [ტარიფის ზრდის] შთაბეჭდილებას.
რა თქმა უნდა, არ გამოვირცხავთ იმასაც, რომ შეიძლება, ჩვენება არასწორად იყოს დაფიქსირებული. 600 000-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს და შესაძლებელია, ჩვენება არასწორად იყოს დაფიქსირებული. ჩვენ ვალდებული ვართ, ამ ჩვენების საფუძველზე, რომელსაც თელასი გვაწვდის, განვახორციელოთ დარიცხვა.
ყველა მომხმარებელ შეუძლია, მოგვმართოს ნებისმიერ საკითხზე. თუ ჩვენება არასწორად არის დაფიქსირებული, მოგვმართავენ, თელასი გადაამოწმებს ჩვენებებს, რომელიც მოახდენს ჩვენების შესაბამისად კილოვატის კორექტირებას და მერე ჩვენ ვახდენთ თანხის კორექტირებას”, – თქვა მან.
მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში მიღებული საჩივრების 90%-ზე მეტი ძირითადად უსაფუძვლო აღმოჩნდა, რაზეც მომხმარებლებს წერილობით ახსნა-განმარტება გაუგზავნეს.
ის განმარტავს, რომ ორი ქვითრის ამბავი აღარ განმეორდება, რადგან ჩვენება ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება, რომელშიც მთელი თვის მოხმარებული ელექტროენერგია იქნება ასახული, დეკემბერი კი გარდამავალი თვე იყო.
formulanews.ge