“ხუთი დღეა კორონა გვაქვს, ვრეკავ და ექიმი ვერ ვიპოვე” -ოზურგეთელი პაციენტების დილემა

“სასაცილო ამბავი გვჭირს, ესაა ქვეყანა და ესაა რამე? ხუთი დღეა ვრეკავ, ცალკე ცხელ ხაზზე, ცალკე 112-ზე,სადაც მეუბნებიან, რომ აუცილებლად დამიკავშირდება ექიმი, მაგრამ ამაოდ, არავინ გვირეკავს.  ვეძებ ექიმს და ადამიანი არაა, წესიერ პასუხს რომ გაგცემს” – უყვება “გურიის მოამბეს” სატელეფონო საუბრისას ადგილობრივი ქალბატონი, რომელსაც ხუთი დღეა, კორონა დაუდასტურდა, თუმცა ამბის მოსაკითხად, სამედიცინო დაწესებულებიდან ჯერ არავინ დაკონტაქტებია:” ჩემი და ჩემი შვილის, რომელსაც ასევე კოვიდი აქვს, მდგომარეობის გასაგებად კი არა, ელემენტარული მონაცემების დასაწერადაც არ დაურეკავს არავის.ვრეკავ 112-ში, მეუბნებიან ექიმი თავად დაგიკავშირდებათო, მაგრამ არავინ გვკითხულობს.  უბნის ექიმი მეუბნება, ჩემი პაციენტები არ ხართ და ვერ გაგიწევთ მომსახურებასო, მერე ადგილზე დავურეკე ერთ- ერთი საავადმყოფოს ექიმს, იმან სამი ადამიანის სახელი მითხრა, ვინც კოვიდპაციენტებთან მუშაობსო. დავრეკე ერთთან და ვეუბნები, ანალიზები, ან კატე, როდის უნდა გავიკეთოთ, ფილტვებში რამე პრობლემა არ გვქონდეს-მეთქი და გუშინ ბევრი ცვლილება შევიდა ქალბატონო კოვიდის მართვის მიმართულებით, ომიკრონი მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებს ეხება, ფილტვებამდე არ ჩადის, სიტყვაზე მენდეთო. ასე უნდა ვენდო თურმე ვიღაცის სიტყვას და ვიყო მშვიდად. როგორ აშტერებენ ამ ხალხს, ან რას გვიპირებენ საერთოდ? “- გვითხრა ქალბატონმა, რომელმაც ამ ეტაპზე მისი ვინაობის გამხელა არ ისურვა და საუბრის ბოლოს გვითხრა, რომ” ცხელ ხაზზე კიდევ ერთხელ ვცდი და თუ საღამომდე ისევ არავინ შემეხმიანა, ყველას სახელებით და გვარებით დავასახელებ, ვისთანაც კომუნიკაცია მქონდა და მაინც ასე უყურადღებოდ დამტოვეს ამ დრომდეო”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share