ესპანური გამოცემა „ელ პაისი“ იმ კონფიდენციალურ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელიც აშშ-მ და ნატომ- რუსეთს გაუგზავნა.
საუბარია ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. აშშ-მ რუსეთს წერილობითი პასუხი 26 იანვარს გადასცა.
ნატო-ს პასუხი ოთხგვერდიანია, აშშ-სი კი ხუთგვერდიანი.
გამოცემის ინფორმაციით, ნატო-ს დოკუმენტში, ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პირობად საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანაა დასახელებული. ასევე, ევროპული უსაფრთხოებისთვის, რუსეთის საჯარისო ნაწილები უნდა გავიდნენ უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიიდან.
“ელ პაისის” ინფორმაციით, ნატოს დოკუმენტში წერია, რომ ყველა ქვეყანამ პატივის უნდა სცეს სხვა ქვეყნების უფლებას, აირჩიოს უსაფრთხოების ზომები და განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა.
დოკუმენტის მიხედვით, რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს ნატო-ს მოკავშირეების და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იძულებითი ძალის გამოყენებისგან, აგრესიული ბირთული რიტორიკისგან და საზიანო მოქმედებებისგან.
რაც შეეხება აშშ-ს პასუხს -ესპანური გამოცემის ცნობით, აშშ მზად არის, იმუშაოს რუსეთთან ურთიერთგაგების მისაღწევად, ტრანსატალანტიკურ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად.
ასევე წერია, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და არ გამორიცხავს მომავალში ალიანსში უკრაინის ან საქართველოს გაწევრიანებას.
ასევე განმარტავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს საკითხი ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში უნდა იყოს განხილული.