ზელენსკი: უკრაინა ივანიშვილსა და მის 19 თანამზრახველს ასანქცირებს

ივანიშვილსა და მის 19 თანამზრახველს უკრაინა ასანქცირებს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალ ვიდეომიმართავში განაცხადა.

ეს არის სანქციები საქართველოს ხელისუფლების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც ყიდის და პუტინს გადასცემს საქართველოს – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის თქმით, მან უკვე დოკუმენტს ხელი მოაწერა.

უკრაინამ მიიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მისი 19 თანამზრახველის წინააღმდეგ. ახლახან ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ძალას ანიჭებს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას სანქციების შესახებ. ეს არის სანქციები საქართველოს ხელისუფლების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც ყიდის საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს და საქართველოს პუტინს გადასცემს და უთმობს. ასე ხდება საერთაშორისო საქმეებში: თუ დროულად არ რეაგირებ ან არაპრინციპულად იქცევი, მაშინ კარგავ ათწლეულებს და ქვეყნებს ართმევენ თავისუფლებას. ჩვენ ვერავის დავკარგავთ ამ რეგიონში: ვერც საქართველოს, ვერც მოლდოვას და ვერც უკრაინას. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ თავი მოსკოვისგან. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მსოფლიოში ყველას იგივეს – იმოქმედონ ერთნაირად და პრინციპულად!”- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა სანქციები გუშინ ღამით დაანონსა და თქვა, საქართველოს ხელისუფლების მიერ პროტესტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები დაგმო. მისივე თქმით, კრემლის მხრიდან ქართული ოცნების შექება მიუთითებს, თუ “ვისთვის არბევს” პროტესტს ხელისუფლება.

ცნობისთვის, ლიტვასთან ერთად, ლატვიასა და ესტონეთში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის შესვლა აეკრძალათ ბიძინა ივანიშვილსა და მისი რეჟიმის მაღალჩინოსნებს.

მანამდე, 2 დეკემბერს ბალტიის ქვეყნებმა საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობ პირთა სანქცირების თაობაზე შეთანხმებაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share