ზუსტად ვიცით, რომ რუსეთს მეგობრები არ სჭირდება, გვერდით ყმები და მონები უფრო მოსწონს – ჩვენი უპირობო არჩევანი თავისუფლებაა – ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
“არ მიყვარს ეს დღე, მაგრამ მუდმივად მახსოვს – 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთმა კიდევ ერთხელ დაიპყრო საქართველო.
ამის შემდეგ მთელი 70 წელი (მანამდეც – დიდხანს) მისი ნებით ვცხოვრობდით.
ძალდატანებით იძულება კაცისთვის და ქვეყნისთვისაც აუტანელი, ამაზრზენი და შეურაცხმყოფელია და არანაირი გამართლება არ აქვს.
ისტორიაში იმის უამრავი მაგალითი არსებობს, რა ცუდად მოგვექცა რუსეთი – როგორ გვატყუებდა, გვამცირებდა, ღირსებას გვილახავდა, გვჯიჯგნიდა, დაგვცინოდა.
ეს ყველაფერი კარგად გვახსოვს.
ისიც ზუსტად ვიცით, რომ მას მეგობრები არ სჭირდება – გვერდით ყმები და მონები უფრო მოსწონს.
ჩვენი უპირობო არჩევანი თავისუფლებაა.
გვსურს, გადაწყვეტილებებს თავად ვიღებდეთ და თავადვე ვახორციელებდეთ.
ამას რაციონალურობა, გაბედულება, ერთსულოვნება, დიდი გარჯა და მიზანმიმართული მუშაობა სჭირდება.
ბევრს ეს არ ესმის, მაგრამ თავისუფლება ამის გარეშე და მიღმა არ არსებობს.
25 თებერვალი გათენდა.
ეს დღე დიდი და მწარე გაკვეთილია საქართველოსთვის.
ის მოვლენებისა და ფაქტებისთვის შესატყვისი სახელების დარქმევის დღე უნდა იყოს.
კარგია, თუ ვაცნობიერებთ, ვინ გვმტრობს მუდმივად, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ მტრობას ერთსულოვანი ორგანიზებულობა და ყველა სფეროში სისტემური მოქმედება დავახვედროთ. მუდმივად უნდა ვძლიერდებოდეთ – ჩვენი ფიქრით თუ მუშაობითაც და მეგობრების დახმარებითაც.
ჩვენ ეს შეგვიძლია და ვალდებულნიც ვართ გავაკეთოთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება 25 თებერვალი გამეორდეს კიდეც, რაც საქართველოში არცერთ ღირსეულ ადამიანს არ სურს.
ყველა დღე (ასეთი ტრაგიკულიც კი!) სასარგებლოა, თუ ადამიანი მის გაკვეთილებს გაითვალისწინებს და საკუთარი გამოცდილების ნაწილად აქცევს” – წერს გია მურღულია.