რომელ ბიზნესმენებს შეხვდა ირაკლი კობახიძე – სია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიზნესმენებმა მთავრობის ადმინისტრაციაში მისვლა დაახლოებით 13:00 საათისთვის დაიწყეს, შეხვედრის ამსახველი კადრები კი პრესსამსახურმა გაავრცელა.

ბიზნესმენების ნაწილი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და არ სურს ახალი არჩევნების ჩატარება, ნაწილი კი ამბობს, რომ თუ კრიზისის განსამუხტად ახალი არჩევნებია საჭირო, ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას.

ბიზნესთან შეხვედრა
ათეულობით ბიზნესმენს შორის არიან:
  • თემურ კოხოძე – „თეგეტა ჰოლდინგის“ თანადამფუძნებელი;
  • ირაკლი გილაური – „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორი;
  • ზაზა ნიშნიანიძე – „მეიდან ჯგუფის“ თანადამფუძნებელი;
  • არჩილ გაჩეჩილაძე – “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი;
  • ლაშა იორდანიშვილი – „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი;
  • თამაზ გაიაშვილი – „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელი;
  • ზურაბ ჩხაიძე – KTW ჯგუფის დამფუძნებელი, შპს კახური ტრადიციული მეღვინეობის მფლობელი;
  • ლაშა პაპაშვილი – „ყვარლის ბაგის“ (რძის მწარმოებელი კომპანიის) დამფუძნებელი;
  • ირაკლი რუხაძე – „ლიბერთი ბანკის“ მეწილე, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი;
  • ტარიელ ხეჩიკაშვილი – „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ მეწილე;
  • ილია წულაია – „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი;
  • ირაკლი ბურდილაძე – „თეთრი კვადრატის“ დამფუძნებელი;
  • მინდია საბანაძე – „აიჯი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი;
  • ნოშიკო ნამორაძე – „ვრ ჰოლდინგის“ დამფუძნებელი;
  • ნინა კობახიძე – კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
  • თეა ზაქარიაძე – „ტავ ჯორჯიას“ მენეჯერი;
  • ნათია ცაბუტაშვილი – „მედ დიაგნოსტიკის“ დამფუძნებელი.
  • ირაკლი იაშვილი – „ისთ გეით გრუპის“ თანადამფუძნებელი;
  • ბესო ორთოიძე – „არსის“ გენერალური დირექტორი;
  • გიორგი მარგველაშვილი – „თბილღვინოს“ მეწილე;
  • ბექა ბექაია – „ნუტრიმაქსის“ მმართველი.

დღეს, 23 დეკემბერს 26-ე დღეა, რაც თბილისსა და სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები იმართება ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. აქციებზე პოლიციამ დააკავა 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. აქციებზე პოლიციამ იძალადა არაერთ მოქალაქეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროფესიულ მოვალებას ასრულებდნენ. შსს დემონსტრანტების მხრიდან ძალადობაზე საუბარობს.

აქციები 28 ნოემბერს დაიწყო, როცა „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის საკითხს. 15 დეკემბერს კი შეიქმნა „თავისუფალი ბიზნესის პლატფორმა“ (freebusiness.ge), სადაც კომპანიები აფიქსირებენ პოზიციას ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ.

ამ დრომდე [23 დეკემბერი, 15:20 სთ] ამ მოთხოვნას მხარს უჭერს 2200-ზე მეტი კომპანია, მათ შორის: არიან „კოკა-კოლა“, „მაგთი“, PSP, „გორგია“ და ა.შ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share