ბოლო ერთი კვირის მონაცემით, 1 მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით სიკვდილიანობის ახალი შემთხვევებით საქართველო მსოფლიოში მე-14 ადგილზეა. 6 დღის წინ, ქვეყანა ამ სტატისტიკაში 21-ე ადგილს იკავებდა.
ბოლო 1 კვირაში საქართველოზე მაღალი სიკვდილიანობა მხოლოდ შემდეგ 13 ქვეყანას აქვს – ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ნამიბია, ტუნისი, ფიჯი, ბოტსვანა, პარაგვაი, სამხრეთ აფრიკა, კოლუმბია, არგენტინა, მიანმარი, კუბა, სეიშელის კუნძულები და რუსეთი.
რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შემთხვევებს, ბოლო 7 დღის მონაცემებით, საქართველო მილიონ მოსახლეზე ინფიცირების ახალი ფაქტებით მსოფლიოში მე-11 ადგილს იკავებს. საქართველოზე მეტი შემთხვევები მილიონ მოსახლეზე განაწილებით ბოლო ერთ კვირაში მხოლოდ კუნძულ მენზე, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე, ჩანელის კუნძულებზე, ფიჯიზე, მარტინიკაზე, გიბრალტარზე, სეიშელის კუნძულებზე, კვიპროსში, კუბასა და ბოტსვანაში აღირიცხა. საქართველომ ინფიცირების ახალი შემთხვევებით ბოლო ორ დღეში გადაუსწრო დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდების სამეფოს, ესპანეთს და მალტას.
წინა კვირასთან შედარებით, საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 49%-ით გაიზარდა, ხოლო სიკვდილიანობის – 51%-ით.
ვაქცინაციის ტემპით კი საქართველო პირველ ასეულშიც კი არ არის. მილიონ მოსახლეზე ადმინისტრირებული დოზების რაოდენობით ქვეყანა მსოფლიოში 123-ე ადგილს იკავებს. საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 3.8%-ია.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.68%, ბოლო 7 დღის – 6.71%, ბოლო 14 დღის კი – 6.03%.
კორონავირუსი საქართველოში
წყარო: ტაბულა