„სააკაშვილზე საუბარი არ „მოსულა“? რამდენიც არ უნდა გაჩუმდნენ პოლიტიკოსები, ქართველი ხალხი ძალიან კარგად არის აზრზე მოსული. ძალიან კარგად იცის მათ შორის, ის თუ რა უსამართლობის მსხვერპლი გავხდი მე. იმისათვის, რომ მოვისურვე, ჩემს ხალხს დავხმარებოდი. იმისათვის, რომ არ დავუხარე თავი დამპყრობელს – როგორ, ეს სასამართლო, პროკურატურა ყველას მიმართ უსამართლოა, სააკაშვილის გარდა?“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, „რამდენიც არ უნდა გაჩუმდნენ პოლიტიკოსები, ქართველი ხალხი ძალიან კარგად არის აზრზე მოსული. ძალიან კარგად იცის მათ შორის, ის თუ რა უსამართლობის მსხვერპლი გახდა“. სააკაშვილის განმარტებით, ახლა პოლიციის „მხედრიონიზაცია ხდება“:
სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
„სააკაშვილზე საუბარი არ „მოსულა“? რამდენიც არ უნდა გაჩუმდნენ პოლიტიკოსები, ქართველი ხალხი ძალიან კარგად არის აზრზე მოსული. ძალიან კარგად იცის მათ შორის, ის თუ რა უსამართლობის მსხვერპლი გავხდი მე. იმისათვის, რომ მოვისურვე, ჩემს ხალხს დავხმარებოდი. იმისათვის, რომ არ დავუხარე თავი დამპყრობელს; იმისთვის, რომ არ მივატოვე დედაქალაქი, როდესაც ყველა გზა გახსნილი მქონდა და მოკვლით მემუქრებოდნენ; იმისთვის, რომ ჩამოვედი, როდესაც ყველაზე მეტად გაუჭირდა ჩემს ქვეყანას.
მინდა ყველას ვუთხრა, სინდისიც კარგი საქონელია. ხანდახან ვიფიქროთ იმაზე, რომ სამართალი არ შეიძლება იყოს შერჩევითი. როგორ, ეს სასამართლო, პროკურატურა ყველას მიმართ უსამართლოა, სააკაშვილის გარდა? და როცა მთელი მსოფლიო იძახის გამოუშვითო, რა თქმა უნდა, რუსების გარდა, ჩვენ უნდა სირაქლემასავით დავმალოთ თავი. ყველაზე მეტად რაც მაწუხებს დღეს, ეს არის 90-იან წლებში ჩვენი დაბრუნება. იმდენი „დაგაბოლეს“ ამ 9 წლის ძახილით, რომ პირდაპირ გაგვაქანეს 90-იან წლებში. ვერ ხედავთ, რომ ჩვენს თვალწინ პოლიციის მხედრიონიზაცია ხდება? სხვათა შორის, მხედრიონს მეტი ინტელექტი ჰქონდა, ვიდრე ამ კუნთმაგარ რობოტებს, რომლებსაც ხალხს აცემინებენ.
ვერ ხედავთ, რომ სახელმწიფო და კრიმინალის სრული შერწყმა მოხდა? ვერ ხედავთ, რომ ეს ყველასთან მივა და ყველას შეუვარდებიან, ყველას გადაუვლიან? ვერ ხედავთ, რომ იმ ადამიანს, რომელმაც ამ ყველაფრიდან და კრიმინალიდან ამოგიყვანათ, სწორედ ამისთვის ათრიეს მიწაზე და ამისთვის ვზივარ აქ, ციხეში? ხანდახან ვფიქრობ, რომ ბნელა ამ ქვეყანაში და სიმართლე აღარ არსებობს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საქართველო გაიმარჯვებს, რომ ეს მოძრაობა შეუქცევადია. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი წინსვლა გარდაუვალია“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, ხალხს ქუჩაში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა და ერთ წრეზე სიარული არ სჭირდება, არამედ ხალხი სახლში გამარჯვებით უნდა ბრუნდებოდეს.
სააკაშვილის განცხადებით, ის საქართველოში არც ერთ თანამდებობაზე, არავის კონკურენტი არაა. მისივე თქმით, თავის დროზე უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე უარი თქვა:
„ამასწინათ, ერთ-ერთ საიტზე კამათობდნენ სააკაშვილი ამ თანამდებობაზე დავნიშნოთ ან იმაზე. ხალხო, უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე ვთქვი უარი. უკრაინაშიც და მოლდოვაშიც შემომთავაზებენ ძალიან მაღალ თანამდებობას, ათჯერ დიდ ქვეყნებშიც. რა „ტილაობაა“ ჩემთვის თანამდებობები საქართველოში? მინდა პოლიტიკოსებს მივმართო, მართლა გჯერათ რომელიმეს, რომ აქ თანამდებობების დაკავებაში რომელიმე თქვენგანის კონკურენტი ვარ? ეს ჩემთვის განვლილი ეტაპია. აქ ვარ იმისთვის, რომ ამ ახალ თაობას გავუხსნათ ხელი. ეს არის ჩემი გამოცხადებული მიზანი. მე არ ვარ კონკურენტი არც სალომე ზურაბიშვილისა, იმის მიუხედავად მას რა ჰგონია. კონკურენტი არ ვარ არც მათი, ვისაც ჩემი ციხეში ყოფნა უნდა, რომ ვაითუ გამოვიდა მიშა წაიღებს ყველაფერსო. რას წავიღებ, გარდა იმისა, რომ მინდა დავეხმარო ჩვენს ხალხს ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს დიქტატურა“,- განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილმა პრეზიდენტმა საქმის განმხილველ მოსამართლესაც მიმართა. მისი შეფასებით, ქართველი მოსამართლეები „ქართულ სახელმწიფოს ანადგურებენ“:
„მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ყველა მიხვდა, რომ ესენი თავისით [დამთმობები] არ არიან, ყველა მიხვდა, რომ საჭიროა მიწოლა. ყველა მიხვდა, რომ საჭიროა ბრძოლის მშვიდობიანი, მაგრამ აგრესიული და ზეწოლითი ფორმების [გამოყენება]. ამათმა ყველა წესები, კანონები დაარღვიეს, ამიტომ ჩვენი მხრიდან ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ „ვაიმე, რომელიმე პროცედურა ხომ არ არის დარღვეული?!“. რა პროცედურებზე ვლაპარაკობთ? შეხედეთ, რას დაამსგავსეთ ქვეყანა, რა სასამართლოები დგება. ამ ყველაფერთან მიმართებაში სიტყვა სასამართლოს [თქმაც] უხერხულია.
მოსამართლევ, თქვენ დაამთავრებთ ძალიან ცუდად. თქვენ შეიძლება ხვალ სამუდამო პატიმრობა მომისაჯოთ, მაგრამ მე გაძლევთ გარანტიას, რომ ყველა თქვენგანი ძალიან ცუდად დაამთავრებთ! ყველა თქვენგანი წარდგებით არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე. თქვენ ხართ მკვლელები. თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს ანადგურებთ. თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც დაემონა დამპყრობელს. თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ანადგურებს საქართველოს, ამიტომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
აღნიშნულის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზაშვილმა სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცა და ჩართვა გაუთიშა. საპასუხოდ კი მოსამართლემ მიმართა: „მემუქრები?”