საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს და თანამშრომლებს ანაზღაურება გაეზარდათ. ამას ითვალისწინებს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა, წევრთა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხის, შრომის ანაზღაურების ოდენობის და ხარჯთაღრიცხვის განსაზღვრის შესახებ“ ახალი განკარგულება.
კერძოდ, 2024 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი 12 410 ლარით განისაზღვრა. მოადგილის ანაზღაურება თვიურად 11 534 ლარი იქნება, მდივნის – 11 388 ლარი, კომისიის წევრების კი 9 928-9 928 ლარი.
ამავე დოკუმენტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, მდივნისა და კომისიის წევრების, ჯამში 13 ადამიანის ანაზღაურება თვის განმავლობაშიო ბიუჯეტს 134 612 ლარი დაუჯდება.
17 დეკემბრის განკარგულებით, ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი 11 305 ლარი იყო, მოადგილის – 10 507, მდივნის – 10 374, კომისიის წევრების კი 9 044 – 9 044 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ახალი განკარგულებით მთლიანად ცესკოს თანამშრომლების ხელფასებზე თვის განმავლობაში 549 252 ლარი დაიხარჯება, 17 დეკემბრის დოკუმენტის მიხედვით კი სახელფასო ფონდი 475 608 ლარს შეადგენდა.