„მცხეთაში „ოცნების” გამართული შეხვედრაზე ვერ მოვისმინე რაიმე კონკრეტული მიზანი, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია”, – აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი” ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
”ეს გახლდათ წინასაარჩევნო პროპანაგანდის ნაწილი, რომელიც მაგონებს სწორედ კომუნისტურ პერიოდში ჩატარებულ რეგიონალურ შეხვედრებს, სავარაუდოდ, ისინი გააგრძელებენ სხვა რეგიონებში ხალხთან შეხვედრებს. თუმცა მთავარი ის არის, რომ მე ვერ მოვისმინე რაიმე კონკრეტული მიზანი, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია.
ხელისუფლების მხრიდან მოწოდებები, თითქოს ისინი არჩევნებში 60%-ს აიღებენ, რეალისტური რომ არ არის, ამ შეხვედრამ დაადასტურა. ამიტომ ისინი იძულებული არიან ასე მოიქცნენ. აქ ბრძოლა იმაზე კი აღარაა, რომ 60% აიღონ, არამედ გარკვეული ხმები მოიპოვონ. ყოველ შემთხვევაში დღეს ან ხვალ რომ ტარდებოდეს არჩევნები, მათ ამდენი ამომრჩეველი ვერც ერთ ვარიანტში ვერ ეყოლებათ და 30%-ზე მეტს ვერ აიღებენ, არ ვიცი შემდეგ რა იქნება.
როგორ შეაფასებთ „ოცნების” შეხვედრას მხარდამჭერებთან?
ი.კ.: უსაფრთხოების განსაკუთრებული დაცვით გამოსვლა, როგორც ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ამომრჩევლებთან წარსდგა, მსოფლიო პრაქტიკაში იშვიათია, ხოლო ქართულ ისტორიაში ასეთი რამ არც გვინახავს. მას არავინ დასდევს. ადრე ვთქვი, მის მკვლელობაზე რომ გავრცელდა ინფორმაცია, ეს იყო შემოგდებული საკითხი იყო-მეთქი. მერე შეჩერდა ამაზე საუბარი და არც გამოძიება გაგრძელებულა, რადგან არაფერი არ იყო და რას გამოიძიებდნენ. ივანიშვილი იმხელა დონის ფიგურას არ წარმოადგენს, რომ მისი ფიზიკური განადგურებით დაინტერესდნენ. უბრალოდ რაში სჭირდებათ? თუ დასჭირდებათ, ეს მსოფლიოსთვის სირთულეს არ წარმოადგენს.
მე მსოფლიო პრესას გავეცანი და ყველასთვის გასაკვირი და გაურკვეველია, თუ რა აუცილებელი იყო უსაფრთხოების ამხელა ზომა. თუ ეს მოსახდენია, ბრონირებული შუშა ბოლომდე ადამიანს ვერ იცავს. კარგად მახსოვს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტზე, ჯორჯ ბუშზე განხორციელებული მკვლელობის მცდელობა, იქ ვიჯექი და ვხედავდი ყველაფერს. ის უსაფრთხოების დაცვით გამოდიოდა ხალხთან და ვინც სცადა მისი მოკვლა, გაუთვლელად იმოქმედა და მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა, თუ პირდაპირ შეაგდებდა ამ ბომბს, მაშინ ახლოსაც რომ დავარდნილიყო, მოქმედებას ვერ მოახდენდნენ. ეს ერთი შემთხვევა იყო, თუმცა ეს ბუში იყო. ივანიშვილის ამ პროპაგანტისტულმა დაფარულად გამოსვლამ ვერაფერი შემატა მათ, პირიქით – უკანაც დაწია და შეუმცირდა ამომრჩევლები.
„ოცნება” იბრძვის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ბუნებრივია, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, ეს შეხვედრებიც ამაზე მიუთითებს. ხოლო ოპოზიცია იბრძვის ძალაუფლების მოსაპოველად. ეს არის განსხვავება. ბრძოლა მოპოვებისთვის უფრო რთულია, რადგან ყველა ბერკეტი ხელისუფლების ხელშია. ადმინისტრაციული სტრუქტურებიდან მათ გარანტირებული 8-10% აქვთ, ოპოზიცია კი 0-დან იწყებს.
საბოლოოდ ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ მათ პოლიტიკის არაფერი გაეგებათ. მათ მიერ ჰაერში გამოკიდებული განცხადებების უკან რა დგას, ჩვენ არ ვიცით, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს თბილისის მერის, კახა კალაძის ჰაერში მიმოფანტული განცხადებები.
ბიძინას გარკვეული ავტორიტეტი აქვს და მან გააკეთა ის, რაც შეეძლო გაეკეთებინა, მაგრამ ვერ გააკეთა, რაც საზოგადოებას შეჰპირდა, ამიტომ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ – რა იყო ამის მიზეზი. ზოგადად, წინასაარჩევნო დაპირებები ხშირად არ სრულდება და ეს ჩვეულებრივი მომენტია, თუმცა რაღაც ხომ უნდა გაკეთდეს? 80-100%-ით არა, მაგრამ მიახლოვებული ხომ მაინც უნდა იყოს…
მშვიდობის საკითხი ყოველთვის დგას დღის წესრიგში და ასეც გაგრძელდება, მაგრამ არის იმის საშიშროება, რომ ვიღაცამ ომი გამოგვიცხადოს? მშვიდობაზე აპელირება ესეც საარჩევნო აგიტაციის ნაწილია. მათი მიზანია მოსახლეობამ თქვას, რომ არაფერი არ გვინდა, მთავარია მშვიდობა იყოს. ახლა მსოფლიოს საქართველოსთვის არ სცალია, მათ შორის არც რუსეთს, მან თავის წასაღები წაიღო.
როგორ შეაფასებდით „ოცნების” გეგმას „ნაცმოძრაობის” და მისი სატელიტების აკრძალვის შესახებ?
ი.კ.: „ოცნების” მიერ „კოლექტიური „ნაცმოძრაობის” გაუქმების შესახებ განცხადება აბსოულუტურად წამგებიანია მსოფლიოს სივრცის მხრიდან. ხელისუფლებას შეუძლია პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს, ეს გაკეთებულა ევროპაშიც და აზიაშიც და გამოაცხადოს ქვეყანაში ერთპარტიულობა.
პარტიების გაუქმება ნიშნავს აზრის ჩამორთმევას, თავისუფლების დაკარგვას, დემოკრატიული ღირებულებების უარყოფას და საერთოდ, ამის შემდეგ საითკენ უნდა წავიდეთ? დიქტატორული რეჟიმი უნდა დამყარდეს? ამას აკეთებენ იმისათვის, რომ სწორედ ამ რეჟიმის დასამყარებლად ეს პარტიები ხელს უშლიან? პირდაპირ თქვან რა უნდათ.
რას ფიქრობთ „ოცნების” გეგმაზე ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის შეცვლის შესახებ?
ი.კ.: „ოცნების” მხრიდან ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის შეცვლა ისევ და ისევ წინასაარჩევნო პროპაგანდის ნაწილია. ნახეთ ედუარდ შევარდნაძის გამოსვლები, სადაც იძახის, რომ საქართველო ერთიანი იქნება, ასევე მიხეილ სააკაშვილისაც. ჩველებრივია ესეც, საარჩევნო პროგრამის ნაწილია და მეტი არაფერი. აბა, ხომ არ იტყვიან აფხაზეთის საკითხს ვერ გადავწყვეტთო. თუ ასეა ნამდვილად და შეუძლიათ ამ მიმართულებით რამის გაკეთება, თქვან როგორ იზამენ. გეგმა წარადგინონ, კონკრეტულად როგორ აპირებენ, თორე ეგრე ოპოზიციასაც შეუძლია ილაპარაკოს და ალბათ ამაზეც ისაუბრებენ.
აფხაზებს კი საერთოდ არ აინტერესებს ჩვენთან ურთიერთობის დალაგება. უფრო მეტს გეტყვით – აფხაზები მალავენ, რომ ისინი მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან თანამშრომლობენ. მაგალითად თურქეთი, რომელსაც მათთან მჭიდრო ეკონომიკურ-ტურისტული ურთიერთობა აქვს. ასეა ბევრი ქვეყანა, მიდიან-მოდიან, აშენებენ რაღაცებს, ერთ ამბებში არიან. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია.
დადგა საკითხი, რომ ამ მიმართულებით წინ წავიწიოთ, აქ მსოფლიომ უნდა თქვას სიტყვა, მარტო საქართველო ვერ გადაწყვეტს, თუმცა მნიშვნელოვანია თავად აფხაზეთის პოზიცია, თორე ეს პროცესი გაიყინება და ამ მიდგომით საქართველო აფხაზეთს ვერასოდეს დაიბრუნებს, ეს უნდა გაიგოს ყველამ.
რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის აქტიურად ჩართვა საარჩევნო კამპანიაში და როგორ იმოქმედებს ამომრჩევლებზე მისი ფაქტორი?
ი.კ.: ბიძინა ივანიშვილი ასე აქტიურად ჩართული საარჩევნო პროცესებში 2012 წლის მერე არ ყოფილა. ახლა უჭირს და ჩაერთო ისევ. მაშინ მან ქართველი ინტელიგენციის მოსყიდვა დაიწყო. დღემდეა ფონდი, საიდანაც ათასობით ლარს ურიცხავს კულტურის წარმომადგენლებს. ეს პირადად მისი ფულია და ამიტომ იმის შიშით, რომ ეს თანხები არ დაიკარგოს, ხმას მისცემენ. ამიტომ „ბიძინა მაინც ბიძინობს” და საზოგადოებაში მის მიმართ ნდობა მაინც არის.
ეს ქართული საზოგადოების 10%-ია. ესაა „ოქროს 10%” და ამის იმედი აქვთ. 2012 წელს 10% კი არ იყო, არამედ გაცილებით მეტი – 70-80% და ახლა კი ამდენი დარჩა. ამრიგად, ივანიშვილი „ოცნების” „გმირია”, რომელსაც ჯერჯერობით პატივს მიაგებენ, მას უნდა მოუარონ და ეფერონ.