გურიის მოამბე

“პუტინი დიდი საფრთხეა და “ქართულ ოცნებას” ფასადად იყენებს… ჩემი ინტერესი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია“ – უილსონი

პუტინი დიდი საფრთხეა და “ქართულ ოცნებას” ფასადად იყენებს – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარე, ჯო უილსონმა “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

ჯო უილსონი საქართველოს შესახებ ორი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია: “ქართული კოშმარის არაღიარებისა” და “მეგობარი” აქტების. ორივე განახლებული შემადგენლობით შეკრებილ კონგრესში უკვე წარდგენილია და შემდგომი პროცედურების გავლას ელის.
მაღალჩინოსანი “ოცნების იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ივანიშვილის გუნდმა მას “დეგრადირებული პოლიტიკოსი” უწოდა, რომელიც საქართველოს “აშანტაჟებს”.

“ჩემი ინტერესი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია” – აღნიშნავს ჯო უილსონი

 

შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ინტერესი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. საქართველოში ვიზიტებისას, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ხალხმა, ვინც იქ გავიცანი. ასე რომ, ჩემი ინტერესი არაფერია, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა ჰქონდეს.

მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის ვიბრძოდი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის და ამან შედეგიც გამოიღო. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ქართველ ხალხს, რომ მათ საბოლოოდ ჰქონდეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები”- ამბობს კონგრესმენი.
რაც შეეხება “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ის მსგავსია იმ აქტისა, რომელიც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გამოიყენეს.

კითხვაზე: რატომ გადაწყვიტეთ, რომ მისი წარდგენის აუცილებლობა არსებობდა და რატომ იყენებთ სირიის მაგალითს, იულსონი ამბობს:

 

პრეზიდენტ რონალდ რეიგანისეული სულისკვეთებით, ჩვენ გვსურს მშვიდობა სიძლიერის მეშვეობით და არა – გლობალური ომი. ჩვენ გვინდა მშვიდობა სიძლიერის მეშვეობით და რა თქმა უნდა, ამის ნაწილია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

უკვე წლებია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს არაღიარების [პოლიტიკა] აქვს, რომელიც ძალიან წარმატებულია. 1940 წელს ამერიკამ არ აღიარა საბჭოთა კავშირის მიერ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია. ჩვენ მათ ყოველთვის დამოუკიდებელ ქვეყნებად მივიჩნევდით.

ძალიან მადლობელი, ვარ, რომ კონგრესმა ცოტა ხნის წინ კენჭი უყარა იმას, რომ ყირიმი არაა რუსეთის ფედერაციის ნაწილი და ის ისევ უკრაინის ნაწილია. სწორედ ეს იყო ომის დამნაშავე პუტინის ტერიტორიული შეჭრის არაღიარება. დამასკოში ასადის არაღიარების აქტს კი კონგრესმა 330 ხმით დაუჭირა მხარი. ეს სერიოზული გზავნილი უნდა იყოს “ქართული ოცნებისთვის”. ამ აქტზე მე და სტივ კოენი, რომელიც დემოკრატია, მე კი რესპუბლიკელი, ერთად ვმუშაობთ. დამასკოში ასადის დიქტატურა დასრულებულია, ის მოსკოვში გაიქცა, სადაც მისი ადგილია. ეს ომის დამნაშავე პუტინის კიდევ ერთი მცდელობაა, რომ თავიდან შექმნას საბჭოთა კავშირი.

ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა ქართველი ხალხისთვის- მხოლოდ იმაზე ფიქრიც კი, რომ საბჭოთა კავშირის, იმ ჩაგვრის თავიდან დაწყება სურთ…. ჩემთვის წარმოუდგენელია რომელიმე ქვეყანამ ვერ გაიაზროს ის საფრთხე, რასაც ომის დამნაშავე პუტინი წარმოადგენს [საქართველოსთვის], ისევე როგორც უკრაინისთვის. მათ [რუსეთმა] უკვე წაიღეს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და ეს [მსგავსი პროცესები] გამუდმებით ხდება. ომის დამნაშავე პუტინი დიდი საფრთხეა და ის “ქართულ ოცნებას” ფასადად იყენებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share