საქართველოს ყოფილი პირველი ლედი რუსთაველის გამზირზე იმყოფება – მაკა ჩიჩუა იმ მოქალაქეების გვერდით დგას, რომლებიც ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩიდან უკვე 47-ე დღეა იბრძვიან.
მაკა ჩიჩუას თქმით, პარლამენტთან კარგად იგრძნობა, როგორ იბადება ახალი საქართველო. მისივე შეფასებით, თავისუფლებამოყვარე ხალხში მუხტი არათუ ცხრება, არამედ იზრდება.
”აქ ისეთი ენერგია ტრიალებს და ისეთი ბედნიერი ვარ, ვერც გეტყვით ამ ადამიანებისთვის, ვინც აქ ხშირად დადიან, ეს უკვე გახდა ბუნებრივი გარემო. ამ ენერგიით გავივსები, მეყოფა ძალიან დიდხანს, მაგრამ სურვილი გამიჩნდება, რომ ხვალაც მინდა და ზეგაც. აქ კარგად იგრძნობ დღეს, როგორ იბადება ახალი საქართველო. აქ რომ ჩამოვდივარ ვივსები იმედით, სიხარულით და იმ განცდით, რომ ეს არის ის მომავალი, რაშიც ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ.
ზუსტად ვიცი, ეს უფრო და უფრო აგორდება, უფრო დიდი ტალღა წამოვა და ბევრად უფრო გაიზრდება ეს მუხტი. ჩვენ ვნახეთ, 5 დაიჭირეს ოცდახუთი ათასი გამოვიდა, თუ ოცდახუთი ათასს დაიჭერენ კიდევ უფრო მეტი გამოვა. ეს არ ჩაქრება. ნამდვილად არ მაქვს უიმედობა, პირიქით”, – ამბობს მაკა ჩიჩუა.