გურიის მოამბე

საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში – სალომე ზურაბიშილი

საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა და ტრამპის ინაუგურაციამდე შტაბებში მიმდინარე შეხვედრებზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილმა Fox News-თან ამერიკა-საქართველოს 30 წლიან ურთიერთობებზე ისაუბრა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის ჩარევას საქართველოს არჩევნებში და განაცხადა, რომ “ოცნება” კრემლის მარიონეტი რეჟიმია.

”ეს არ იყო ოფიციალური შეხვედრები, არამედ მიღებები ინაუგურაციამდე – უბრალოდ იმისთვის, რომ საქართველო მათ გონებაში დარჩენილიყო. ეს პირველადი კონტაქტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო შეიძლება გახდეს ამერიკის დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა კავკასიის რეგიონში, სადაც დომინირებაც რუსეთს მუდმივად სურს.

და რუსეთი საქართველოსთან, ასევე რუმინეთთან, მოლდოვასთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებით, ახალ სტრატეგიას ცდის, რომელიც ამ ქვეყნების გაყალბებული არჩევნებით მოგებასა და ადგილზე მარიონეტი რეჟიმების დანიშვნაში მდგომარეობს, და არ ადარდებთ დემოკრატია, კონსტიტუცია, უბრალოდ ერთგული რეჟიმი სურთ.

და ეს იქნება კითხვა [აშშ-ის] შემდეგი ადმინისტრაციისთვის. რა თქმა უნდა, ამერიკა 30 წლის განმავლობაში საქართველოს მხარეს იყო, საქართველო ამერიკული დახმარების ერთ-ერთი უდიდესი მიმღები იყო, ვინაიდან სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს – ენერგეტიკის მარშრუტებს, სავაჭრო მარშრუტებს, ცენტრალურ აზიამდე გზას, და ქვეყანაა, რომელიც არსებითად დემოკრატიისა და საერთო ღირებულებების ციხესიმაგრე იყო.

საქართველო, სომხეთთან ერთად, – ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ უძველესი, ისინი ამბობენ, რომ ისინი არიან უძველესი, – მაგრამ ორივე უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოები ვართ მსოფლიოში და ეს ძლიერად გვაკავშირებს. და ჩვენ ვიყავით დემოკრატიის ციხესიმაგრე ამ ფართო რეგიონში. ჩვენ გვჭირდება ამერიკა, მაგრამ, ვფიქრობ, ამერიკასაც ვჭირდებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share